ეკონომიკა

‘ლიბერთი ბანკის’ ლოიალურობა პენსიონერებისადმი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ

28 აგვისტო, 2012 • • 3900
‘ლიბერთი ბანკის’ ლოიალურობა პენსიონერებისადმი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ

ბანკში განმარტავენ, რომ „საპენსიო კრედიტის“ ფარგლებში, რომლის განხორციელებაც 10 დღის წინ დაიწყო, საკომისიო  იმ პენსიონერებს დაუბრუნდებათ, რომლებიც აქტიურად სარგებლობდნენ სოცალური ავანსით:

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად სარგებლობდა პენსიონერი სოციალური ავანსით (რამდენჯერ ისარგებლა, რა ვადიანი ავანსით, განახორციელა თუ არა მისი რეფინანსირება და ა.შ.)“.

რატომ დაიწყო „ლიბერთი ბანკმა“ ეს აქცია ახლა, როცა „საპენსიო კრედიტის“ ფარგლებში ბანკი სოლიდურ მოგებას იღებს?

„საპენსიო სესხს“ 2012 წლის 1 იანვრიდან  „ლიბერთი ბანკი“ მხოლოდ ხუთთვიანი ვადით გასცემდა. „ლიბერთი ბანკის“ ოპერატორის განმარტებით, 1 ივნისიდან სესხის აღება პენსიონერებს ერთი წლის ვადით შეუძლიათ. თუ პენსიონერი 5-თვიან სესხს აიღებს, ყოველ თვეზე მომსახურების 3 პროცენტი დაერიცხება:

„თუ პენსია 100 ლარია, ხუთთვიანი სესხის შემთხვევაში, ბანკი საკომისიოდ 75 ლარს დაიტოვებს და ხელზე პენსიონერი 425 ლარს მიიღებს. ორ თვეზე საკომისიო 12 ლარია, ხელზე გასაცემი პენსია კი –188 ლარი. ოთხ თვეზე პენსიონერს 48 ლარი დაექვითება“.

„ლიბერთი ბანკი“ „საპენსიო სესხს“ 18-თვიანი და 36-თვიანი ვადითაც გასცემდა.  თუმცა ამ პროდუქტის მომსახურების ვადები ბანკმა 2012 წლის 1 იანვრიდან 5 თვემდე შეზღუდა, 1 ივნისიდან კი 12 თვემდე გაზარდა.
  
2012 წლის 16 ივლისს, ბათუმში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ლიბერთი ბანკი“ უხარისხო სერვისის გამო გააკრიტიკა: 

„რა  ვერ დაიმსახურეს პენსიონერებმა. არც ერთი პენსიონერი რიგში არ დადგება. ლიცენზია გადაეცემა იმ ბანკს, რომელიც ამას განახორციელებს, რიგებში ჩაყენების, გაზულუქების და თავზე წამოჯდომის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ლიბერთი ბანკის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ბანკის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის კრიტიკა გაითვალისწინა:

„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ “ლიბერთი ბანკის” მისამართით კრიტიკას, რა თქმა უნდა, ეს ბანკმა გაითვალისწინა და აქტიურად გააგრძელა სერვისის გაუმჯობესების კუთხით მუშაობა, რაც გამოიხატება, როგორც არსებული ფილიალების მოდერნიზაციით, ისე ახალი ფილიალებისა და ბანკომატების დამატებით მთელი საქართველოს მაშტაბით. არ გამოვრიცხავთ სხვა სიახლეებისა და შეღავათების შემოღებას საბაზრო დინამიკისა და კონკურენტული კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამას მომავალი გვიჩვენებს.“

ბანკში აცხადებენ, რომ „საკომისოს დაკორექტირების“ პროექტი პრეზიდენტის მიერ „ლიბერთი ბანკის“ მისამართით გაკეთებული შენიშვნას არ უკავშირდება. „ეს ქმედება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კლიენტურის ლოიალობის გასაზრდელად. დაგეგმილია სხვა კომერციული ნაბიჯებიც, რომელთა უმეტესობა შემდეგ რამდენიმე თვეში გატარდება“ – აცხადებენ ბანკში. 

„ლიბერთი ბანკი“ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ პენსიებს, მოქმედი კონტრაქტის საფუძველზე, 2009 წლიდან გასცემს. ბანკი 800 ათას პენსიონერს ემსახურება და ამ სერვისისთვის სახელმწიფო წელიწადში 1 მილიონ  150 ათას ლარს უხდის.

ბანკმა 2010 წელს ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტი “საპენსიო სესხი” გამოიტანა. სესხი საპენსიო უზრუნველყოფით გაიცემა და წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 პროცენტია.

2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა. ბანკს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2012 წლის დეკემბერში ეწურება. 

„ლიბერთი ბანკის“  გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა ლადო გურგენიძეს უკავია. გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

 „ლიბერთი ბანკის“ აქციათა  91,218  პროცენტს გურგენიძესთან ერთად  რუმინული კომპანია  “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  დინუ პატრიჩიუ ფლობს. “Forbes”-ის მონაცემების მიხედვით, დინუ პატრიჩიუ რუმინეთის უმდიდრესი ადამიანია და მის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულება 1.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი