„ქართუ ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ გოგუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ლაურა ღაჭავამ ბანკი 27 მილიონი დოლარით აზარალა:
„მისი კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეა შესული. საქმის მსვლელობები დაწყებულია, თუმცა ვალის ამოღება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.“
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით ლაურა ღაჭავამ და ციცინო გობეჯიშვილმა 2012 წლის 27 ივლისს მიმართეს.
2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, სასამართლომ საქმეები წარმოებაში არ მიიღო, რადგან კომპანიებს არ გააჩდათ ქონება და ვერ დაფარავდნენ საპროცესო ხარჯებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ „ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა“ და სს „პირიმზე“ გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით. ეს მაშინ მოხდება, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლოში განცხადება არ შეიტანა
რაში სჭირდება ლაურა ღაჭავას „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას“ და სააქციო საზოგადოება „პირიმზეს“ გაკოტრება და როგორ დაიბრუნებს „ქართუ ბანკი“ კუთვნილ ვალს?
ზურაბ გოგუა განმარტავს, რომ „პირიმზეს“ და „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას “გაკოტრების შემთხვევაში ლაურა ღაჭავას „ქართუ ბანკის“ მიმართ არსებული ვალდებულებები ავტომატურად ჩამოეწერება:
„ქართუ ბანკი მსესხებელია, თუმცა ამ კომპანიების ქონების მესაკუთრე სახელმწიფო გახდა და შემდეგ მიჰყიდა ისევ ძველ მფლობელებს. ეს არის ახლად შექმნილი შპს–ები, რომელთაც სუფთად იყიდეს ქონება და არავითარი კავშირი არ აქვთ ბანკთან. ჩვენ იმ ქონებაზე ვეღარ გავდივართ.“
მისი თქმით, ძველ შპს–ებს რომლებიც ქონებას ფლობდნენ, აქვთ მხოლოდ ვალდებულებები, ახალ დაფუძნებულებს კი – აქტივები:
„პირიმზის ქონების გაყიდვის შედეგად ჩვენ იურიდიული საფუძველი დაგვიკარგეს, რომ ახალი კომპანიის აქტივებზე გავიდეთ. ახლა ლაურა ღაჭავა ამ კომპანიებს იმიტომ აკოტრებს და აუქმებს, რომ ვალის მოთხოვნის უფლებაც დავკარგოთ. კომპანია გაკოტრდება და შემდგომ მისი ლიკვიდაცია მოხდება. ვალის დაბრუნების შანსი მხოლოდ სამართლიანი სასამართლო სისტემის არსებობის პირობებში შეიძლება“.
„სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას“ 100 პროცენტის მფლობელი, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი კომპანია გამართულად მუშაობს და არ არის გაკოტრების რეჟიმში:
„ახალი შპს გავაკეთე და „სამკერვალო ფაბრიკა“ აუქციონზე ვიყიდე. ეს ობიექტი არ გაჩერებულა, იტალიელებთან მაქვს კონტრაქტი. ახლა სასამართლოს მივმართე და ძველ შპს–ს ვაუქმებ. ამ შპს–ს არ აქვს არავითარი ქონება და მისმა არსებობამ აზრი დაკარგა. მისი კუთვნილი ქონება სახელმწიფომ ვალში წაიღო, გაყიდა და საგადასახადოს წინაშე არსებული დავალიანება ამოიღო.“
ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ სს „პირიმზესთან“ მას არაფერი აღარ აკავშირებს, რადგან სააქციო საზოგადოების ქონება აუქციონზე გაიყიდა:
„პირიმზეს“ ვალი ჰქონდა და მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა. სახლმწიფომ ამოიღო ეს თანხა და ვინ არის ახლა „პირიმზის“ ქონების მფლობელი, არ ვიცი.“
რაც შეეხება „ქართუ ბანკიდან“ გამოტანილ კრედიტს, ლაურა ღაჭავა ამ თემაზე საუბარს ერიდება: „თუ გავწვდი, ვალს გადავიხდი. სამკერვალო ფაბრიკიდან ცოტა შემოსავალი მაქვს.“
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ ბექა დოჭვირი ამბობს, რომ „კომპანია, რომელსაც კრედიტორები ჰყავს და ვალს ვერ იხდის, გაკოტრებულად ცხადდება, შემდგომ მისი ლიკვიდაცია ხდება. ამ შემთხვევაში ლაურა ღაჭავა კანონის ფარგლებში მოქმედებს“.
რა სარგებელს ნახავს ლაურა ღაჭავა ძველი შპს–ს გაუქმებით, ამ საკითხზე საუბრისას გიორგი დოჭვირი განმარტავს, რომ „თუ ძველი შპს გაუქმდება, მისი დამფუძნებელი პასუხს აღარ აგებს იმ ვალებზე, რომელიც ამ შპს–ს ჰქონდა გაწერილი.“
დოჭვირი ამბობს, რომ შპს–ს გაუქმების შემთხვევაში, კრედიტორები ვალის დაბრუნების შანსს კარგავენ:
„ვიდრე ვალის სამართალმემკვიდრე შპს არსებობს, კრედიტორებს საშუალება აქვთ, ფულის გადახდა მას მოსთხოვონ, მაგრამ, თუ მას ქონება არ აქვს, კრედიტორმა რომც დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება, ზარალში ვარდება. ერთადერთი, შესაძლებელია, რომ გადახდისუუნარობის საქმესთან ერთად, დაიწყოს შპს–ში რეაბილიტაციის პროცესი. კომპანიას რაღაც ქონება მაინც უნდა ჰქონდეს, რომ კრედიტორს ვალი გადაუხადოს. „პირიმზის“ და „სამკერვალო ფაბრიკის“ ბალანსი ნულია. თუ მოხდა მათი გაკოტრება და შემდეგ ლიკვიდაცია, კრედიტორი ვალს ვერ ამოიღებს.“
2011 წლის ბოლოს აღსრულების ბიურომ, თითქმის ერთდროულად, „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა. ერთ–ერთი მსხვილი ბიზნეს–ჯგუფი, რომელიც „ქართუ ბანკის“ კრედიტორია და რომლის უძრავ–მოძრავი ქონება თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2011 წლის 30 ნოემბერს და 7 დეკემბერს დააყადაღა, ლაურა ღაჭავას ეკუთვნოდა.
ლაურა ღაჭავა რამდენიმე კომპანიას ფლობს, მათ შორისაა შპს „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“. საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანია ორ ფირმას – შპს „საჩოგბურთო კლუბ დინამოსა“ (92%) და შპს „ბულიტებს“ (8%)– ეკუთვნის, თუმცა ამ ორივე ფირმის მესაკუთრე ლაურა ღაჭავაა.
„კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ 2010 წლის იანვარში შეიქმნა და იმავდროულად, „ქართუ ბანკიდან“ აღებული სესხის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა „საჩოგბრურთო კლუბ დინამოს“ 54.81%–იანი წილი „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფში“. თუმცა, როგორც „ქართუ ბანკში“ აცხადებენ, მოგვიანებით ეს ქონება სს „პირიმზეს“ საკუთრებაში გადავიდა, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს, ასევე, ლაურა ღაჭავა ფლობდა. სს „პირიმზე“ „ქართუ ბანკის“ გენერალური მსესხებელია. ღაჭავამ ბანკიდან 7 მილიონი ლარის სესხი აიღო.
სს „პირიმზეს“ საგადასახადო სამსახურის წინაშე ვალი აღმოაჩნდა. დავალიანების ამოღების მიზნით, თბილისის აღსრულების ბიურომ დააყადაღა სს „პირიმზის“ კუთვნილი უძრავი ქონება თბილისის ცენტრალურ უბნებში (მელიქიშვილის 5–ში მდებარე ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი კორპუსი, მელიქიშვილის ქუჩა #10–ში მდებარე პედიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი და არაყიშვილის ქუჩა #8–ში განთავსებული კომერციული ფართი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, შპს სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა” და სს „პირიმზის“ ადმინისტრაციული შენობა, ყოფილი ლეჩკომბინატის ახალი კორპუსი ქავთარაძის #16–ში და სხვა).
აღნიშნული ქონების ნაწილი იპოთეკით იყო დატვირთული „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ. ქონება აღმასრულებელმა აუქციონზე გაყიდა დარიცხული საგადასახადო ვალის სასარგებლოდ. ვალი სახელმწიფომ ამოიღო, ხოლო „ქართუ ბანკის“ კრედიტორი ლაურა ღაჭავას კუთვნილი „პირიმზე“ ქონების გარეშე დარჩა. „ქართუ ბანკი“ ვალის ამოღებას სს „პირიმზისგან“ უშედეგოდ ცდილობს.