ეკონომიკა

ყავლაშვილი: “გამას” დამფუძნებლებს არ სურდათ გამოჩენილიყვნენ და მე მომმართეს

9 აგვისტო, 2012 •
ყავლაშვილი: “გამას” დამფუძნებლებს არ სურდათ გამოჩენილიყვნენ და მე მომმართეს

ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” გიორგი ყავლაშვილს ესაუბრა:


ბატონო გიორგი, ბოლო ორი დღის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია “გამამ”, რომლის დირექტორიც თქვენ  ბრძანდებით, შეიძინა შპს “ბურჯის” ქონება, პრობლემები შეექმნა ამ კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე იჯარით განთავსებულ სხვა ფირმებსაც, მაგალითად, “ელიტა ბურჯს”. რა ბედი ელის ამ კომპანიებს? დაატოვებინებთ ტერიტორიას?

 

„გამა“ კომპანიაზე რიცხული ტერიტორიიდან მოიჯარეების გაშვებას არ აპირებს. ასეთი პოზიცია ჩვენს კომპანიას არ აქვს. მზად ვართ ნებისმიერი კომერციული ურთიერთობისათვის. გვაქვს მოლაპარაკება იმ პირებთან, ვინც ამ ქონებით სარგებლობდნენ, როგორც მოიჯარეები, როცა ის „ბურჯის“ საკუთრებას წარმოადგენდა. ალბათ, რამდენიმე ხანში გადაწყდება საჯარო ხელშეკრულების გაფორმების ამბავი. ხელის შეშლას მათთვის, ვინც ამ ქონებით სარგებლობდა, არ ვაპირებთ. გვაქვს კომერციული მიზნები.

 

„გამა“ ცალკე იურიდიული პირია, „ბურჯი“ – ცალკე.  ჩვენ აუქციონზე შევიძინეთ “ბურჯის” ქონება. ასეთივე წარმატებით შეიძენს „გამა“ სხვა ქონებას, რომელიც მოვალის სტატუსით იქნება გამოტანილი აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ეს ქონება “გამასთვის” მიმზიდველი იყო კომერციული კუთხით.

 

კომპანია “გამა” რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, ფაქტობრივად, იმ დღეს, როდესაც აუქციონზე გაიტანეს “ბურჯის” ქონება, რა პროფილის ბიზნეს-კომპანია იქნება იგი?

 

„გამას“  ძირითადი საქმიანობაა უძრავი ქონებით ვაჭრობა. ეს პროფილი იქნება შენარჩუნებული.


„ბურჯის“ ქონებაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეთ. ეს უშუალოდ ამ ახალი კომპანიის – “გამას” ფულია, თუ სხვა რესურსი მოიზიდეთ?

 

„გამას“ ჰყავს ინვესტორ–დამფუძნებელთა ჯგუფი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. ამ ადამიანებს სურდათ „ბურჯის“ ქონების შეძენა. მე, როგორც დირექტორი, ვდგავარ ამ კომპანიის სათავეში.


ბატონო გიორგი, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ფართო საზოგადოება გიცნობთ, როგორც იურისტს, რომელიც ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსულ საქმეებში მონაწილეობდით და, ძირითადად, ეს პროცესები სრულდებოდა საპროცესო გარიგებებით პროკურატურასთან, არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეულწილად დაკავშირებული ხართ ხელისუფლებასთან.

 

მე ადვოკატი ვარ და ახლაც ვახორციელებ საადვოკატო საქმინობას. საპროცესო შეთანხმებით როცა სრულდება საქმე, ეს არის კლიენტის სურვილი. აქედან გამომდინარე, ჩემი კავშირი ჩემს საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება. „გამას“ დამფუძნებლებმაც, რომელთაც არ სურდათ ამ სიტუაციაში გამოჩენილიყვნენ, გადაწყვიტეს მოემართათ ჩემთვის, იურიდულ სფეროში გამოცდილი ადამიანისთვის და მოლოდ ეს არის. აქ არ არის არანაირი კავშირები ხელისუფლებასთან.


რა გამოცდილება გაქვთ ბიზნესში?

 

სიმართლე გითხრათ, კომპანიის დირექტორობა არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესში გამოცდილებაა საჭირო. საადვოკატო საქმიანობას სადაც ვეწევი, იქაც ბიუროს დირექტორი ვარ. ამიტომ კომპანიის მართვის გამოცდილება მაქვს, სფეროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

 

ბატონო გიორგი, ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ხმაურიანი დავა ჰქონდა ერთ-ერთ პარტნიორთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით, ღიად განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული პროცესების უკან იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იდგა. რა კავშირი გაქვთ ბატონ ადეიშვილთან?

 

ეს არის აბსურდული განცხადება. მე ადვოკატი ვარ და 1998 წლიდან ვახორციელებ ამ საქმიანობას. არც ერთ ეტაპზე ჩემი საქმიანობისა არც არის შესაძლებელი ვინმეს კადრი ვიყო. ვარ აბსოლუტურად თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ვახორციელებ ამ საქმიანობას. ზილმფიმიანს და ვიღაცეებს სურთ რაღაც საბურველში გაახვიონ ვინმეს საქმიონობა და ამით დამალონ საკუთარი დანაშაული. ამ შემთხვევაში ზილფიმიანს ვგულისხმობ. მან თავის კომპანიას 1,5 მილიონის ზარალი მიაყენა და სასამართლო გადაწყვეტილება დევს ამაზე. ასეთი ადამიანები ყოველთვის ეცდებიან, რომ უცნაური დასაბუთება მოძებნონ.

 

ბატონო გიორგი, იქნებ დაასახელოთ კომპანია „გამას“ რომელიმე ქართველი ინვესტორი?

გიორგი ყავლაშვილმა ტელეფონი გათიშა და ჩვენს შეკითხვას აღარ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი