ეკონომიკა

ავიაკომპანიებისთვის სანქციები ამოქმედდება

2 აგვისტო, 2012 •
ავიაკომპანიებისთვის სანქციები ამოქმედდება

„როცა გრაფიკი მკაცრად არის გაწერილი, ავიაკომპანიამ უნდა შეასრულოს ფრენები დათქმულ დროში. კომპანიას არ აქვს რეისის გადადების უფლება იმ მოტივით, რომ არის დაბალი დატვირთვა. თავისი პრესტიჟიდან გამომდინარე, კომპანიამ ეს არ უნდა გააკეთოს. ამ დროს ირღვევა მომხმარებელთა უფლებები. არის შემთხვევები, როცა კომპანიის ავიალაინერი სხვა რეისის შესასრულებლად მიდის და ფრენის გადადება ამ მოტივით ხდება,“ – აცხადებენ სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების სამსახურში.

 

ფრენების გადადება და გრაფიკის დარღვევა საქართველოს ავიაბაზარზე ახალი მოვლენა არ არის. თბილისის აეროპორტში განმარტავენ, რომ უამინდობისა და ტექნიკური პრობლემების გამო „ბელავიას“ და „უკრაინის ავიახაზების“ რამდენიმე რეისი გადაიდო.

 

„ამ კუთხით შეფერხებები ყველაზე ხშირად შიდა რეისებზე ხდება. თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს,“ – ამბობენ თბილისის აეროპორტში.

 

საქართველოში ხუთი სამოქალაქო აეროპორტიდან მხოლოდ სამი ფუნქციონირებს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს საერთაშორისო სტატუსი აქვთ. ორივეს თურქული კომპანია შპს TAV URBAN GEORGIA მართავს.

 

მესტიის აეროპორტი 2010 წელს გაიხსნა და შიდა რეისებს კანადური კომპანია Kenn Borek Air-ი ახორციელებს. გასულ წელს მესტიის აეროპორტში 222 რეისით 4 638-მა მგზავრმა ისარგებლა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

 

ბათუმის აეროპორტში ავიარეისებს Turkish Airlines, Borajet Airliens, Goergian Airways და Belavia ასრულებენ. 2011 წლის მონაცემებით, ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 133 306 შეადგინა და 1 446 რეისი შესრულდა.

 

Georgian Airways, ყოფილი „აირზენას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე 2012 წლის 27 ოქტომბრამდე ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღე ასრულებს. რეალურად კი ეს კომპანია ამ მიმართულებით კვირაში 4-ჯერ დაფრინავს.

 

Georgian Airways-ის ფრენების განრიგის დაზუსტება ბათუმის აეროპორტში საკმაოდ რთულია. როგორც ბათუმის აეროპორტში გვითხრეს, კომპანია ფრენების განრიგს თავად ადგენს. კითხვაზე, როდის იქნება ფრენა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, ვერ გვიპასუხეს.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ არის შემთხვევები, როცა ფრენები არ სრულდება, ხანდახან კი რეისი ემატება, მოთხოვნიდან გამომდინარე:

 

„27 ივლისს თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ადგილი არ გვაქვს. 28 ივლისს კი თბილისიდან ბათუმში ერთი გზა კიდევ დაემატა იმიტომ, რომ მოთხოვნაა.“

 

Georgian Airways-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ფრენის განხორციელების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება მხოლოდ წინა დღეს არის შესაძლებელი.

 

Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი განმარტავს, რომ კომპანია აგვისტოში ამ მიმართულებით ყოველდღე იფრენს და ბილეთის დაჯავშნა შესაძლებელი იქნება. რეისების დამატება აგვისტოში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

 

„კომპანია განახორციელებს დილის გაფრენას თბილისიდან ბათუმისკენ და საღამოს უკან გამოფრინდება. ახლა კვირაში 4 დღე გვაქვს. ბათუმში არის ბაზირებული ჩვენი თვითმფრინავები, რადგან კომპანია საერთაშორისო რეისებს ბათუმი-მოსკოვი, ბათუმი-კიევის მიმართულებით სიერჯისა და ბოინგის თვითმფრინავით ასრულებს.“

 

ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, განრიგი არის ორშაბათსა და პარასკევს, Georgian Airways-ის დილის 8 საათზე მიფრინავს თბილისიდან და უკან ბრუნდება ღამე, 11 საათზე:

 

„სამშაბათს და კვირას შუადღის სამის ნახევარზე თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავს. ახლა შაბათს რეისი დავამატეთ მოთხოვნიდან გამომდინარე. აგვისტოში ყოველდღე გვექნება ფრენა.“

 

თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ბილეთის ფასი 177 ლარია.

 

შიდა რეისებს ადგილობრივ ბაზარზე თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით კანადური კომპანია Kenn Borek Air-ი ასრულებს. ბილეთის ფასი ამ მიმართულებაზე 75 ლარია.

 

მესტიის აეროპორტში განგვიმარტეს, რომ კომპანია ფრენებს მხოლოდ სამშაბათსა და ხუთშაბათს არ ასრულებს:

 

„პარასკევს და კვირას არის ორ-ორი რეისი, დანარჩენ დღეებში – თითო. გრაფიკი გაწერილია და ბილეთის დაჯავშნა შესაძლებელია“.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ რომ, როცა ფრენის გადადებაში ავიაკომპანია იქნება დამნაშავე, მას სააგენტო საჯარიმო სანქციებს დაუწესებს.

 

„როცა ახალი რეგულაციები შევა ძალაში და განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა, სანქციებიც ამოქმედდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი