ეკონომიკა

სტიქიამ სამინისტროების ხარჯები შეკვეცა

24 ივლისი, 2012 •
სტიქიამ სამინისტროების ხარჯები შეკვეცა

ცვლილებები 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კახეთში, მცხეთა–მთიანეთში და სამცხე–ჯავახეთში მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. სტიქიის მიერ მიყენებული  ზარალის გადასაფარად სამინისტროებს ხარჯები უმცირდებათ.

 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით,  იქმნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სპეციალური ფონდი, რომელიც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანასდება. „ამ ფონდიდან დაფინანსდება სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაიცემა კომპენსაციები და მოსახლეობა საკვები პროდუქტებით მომარაგდება“, –განაცხადა გვინდაძემ.   

 

ბიუჯეტში შესული ცვლილებების შედეგად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 162,3 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

 

გვინდაძის განმარტებით, 2012 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები არ იცვლება. ახალ ხარჯებს დაფინანსების სამი წყარო ექნება: 39 მილიონი გამონთავისუფლდება რეგიონული ფონდიდან, რომლის  საერთო მოცულობა არის 357,9 მილიონი. 11 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება საგარეო ვალის მომსახურების პროცენტიდან  და დაფინანსება შეუმცირდებათ სამინისტროებს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება  163.6 მლნ ლარიდან  134.2 მლნ ლარამდე შემცირდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსი –  91 მლნ ლარიდან   83.5 მლნ ლარამდე.  ფინანსთა სამინისტროს  დაფინანსება 5 მილიონი ლარით შემცირდება და  118.2 მლნ ლარს გაუტოლდება. 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად,  ფინანსთა სამინისტროს დაფინანასების სახით  123.2 მლნ ლარი უნდა მიეღო.

 

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2 მილიონი ლარი მოაკლდება და ეს უწყება  600.6 მლნ ლარით დაფინანსდება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება  150 ათასი ლარით უმცირდება  და  585.05 მლნ ლარს შეადგენს.   100 ათასი ლარით მცირდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ეს უწყება ბიუჯეტიდან   38.1 მლნ ლარით დაფინანსდება.   სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  800  ათასი  ლარი აკლდება –   ეს უწყება ბიუჯეტიდან 125.1 მლნ ლარს მიიღებს.  

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 200 ათასი ლარი  აკლდება და სამინისტროს დაფინანსება  290.1 მლნ ლარს შედგენს.   გარემოს დაცვის სამინისტროს  50 ათასი ლარით უმცირდება ხარჯები და   23.827 მლნ ლარს შედგენს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 200 ათასი აკლდება და  ბიუჯეტიდან მხოლოდ 59 მლნ ლარს მიიღებს.  რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხარჯები 100 ათასი ლარით მცირდება და 1,2  მილიონ ლარს უტოლდება.

  

საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვის სამინიტროს. ამ უწყების 1,8– მილიარდიანი ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით იზრდება.  ეს თანხა სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნაზე დაიხარჯება.

 

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, 162,3 მილიონი ლარი  ორი მიმართულებით დაიხარჯება:

„ცალკეა  50– მილიონიანი პროგრამა,  რომელიც სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა და სტიქიური უბედურების შედეგად  მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად  გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება. ფული დაიხარჯება როგორც კომპენსაციაზე, ისე  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. „

 

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, მელიქიშვილის განმარტებით, 110 მილიონი ლარი კახეთის სარეაბილიტაციო პოგრამებზე დაიხარჯება, 2,3 მილიონი ლარი კი კახეთის რეგიონში, თვითმმართველობის ადგილობრივ ბიუჯეტებში გადაირიცხება.   

 

ბიუჯეტის ცვლილებები პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით 25 ივლისს პარლამენტის სხდომაზე დაამტკიცებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი