დასაქმება, როგორც საარჩევნო იარაღი

2012 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტთან უჩვეულო აქცია გაიმართა. რამდენიმე ადამიანი ცარიელ ქვაბებში კოვზის ცემით ცდილობდა მთავრობისთვის ხმის მიწვდენას, რომ პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად. “ცარიელი ქვაბების აქციამ” ხელისუფლების ყურადღება მაშინ ვერ მიიქცია,  თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დასაქმების პრობლემის მოგვარება სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება.  

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, საქართველოში მცხოვრებთა 69 პროცენტი თავს უმუშევრად მიიჩნევს. ამათგან სამუშაოს 47 პროცენტი ეძებს. უმუშევრობის დასაძლევად ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე უპრეცენდენტო საბიუჯეტო რესურსის გამოყენებას აპირებს და დაუსაქმებელ ამომრჩეველებს 273 000 სამუშაო ადგილის შექმნას პირდება კერძო ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯზე.

 

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ხელისუფლება ოთხი მილიარდზე მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აპირებს, რითაც 80 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს, სტაბილურად დასაქმებას კი 40 000 ადამიანს ჰპირდება.   

 

მთავრობამ უმუშევრობის დასაძლევად დასაქმების სამინისტროც კი შექმნა, მილიონამდე ლარამდე ბიუჯეტით. სწორედ ამ სამინისტრომ უნდა იზრუნოს უმუშევრათა დასაქმებაზე და სხვა პრობლემებზე, მათ შორის უმუშევრათა რეესტრის შექმნაზე. დასაქმების მინისტრის თანამდებობაზე სამშენებლო კომპანია ”კავკასუს როუდ პროჯექტის” დირექტორი პაატა ტრაპაიძე დასაქმდა. ითქვა იმის შესახებაც, რომ უმუშევარ ადამიანებს სტატუსი შეეცვლებათ და ამიერიდან მათ ექნებათ ”სამსახურის მაძიებლის” ან ”უმუშევარის” სტატუსი.

  

მთავრობის ინიციატივა უმუშევრობის დასაძლევად ახალი არ არის. ბოლო ექვსი წლის მანძილზე მთავრობამ დასაქმების ოთხი პროგრამა განახორციელა. ოთხივე სხვადასხვა არჩევნების წინ.

• 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო ”დასაქმების პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც 50 ათას ადამიანს კერძო კომპანიებში უნდა გაევლო სტაჟირება. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარი იყო.

 

• 2007 წელი, პროგრამა სახელწოდებით ”დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით”. ამ პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებამ 5 მილიონ 500 ათასი ლარი ”პროკრედიტ ბანკს” გადასცა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ბანკს დაბალპროცენტიანი სესხები საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა გაეცა.

 

• 2007-2008 წლის დეკემბერი-მაისი, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ  პროგრამა, რომლის ფარგლებში 25-დან 60-წლამდე 100 ათასი ადამიანი პროფესიულად უნდა გადამზადებულიყო. პროგრამის ბიუჯეტი: 60 მილიონი ლარი.

 

• 2012 წლის ივლისი-აგვისტო, 25 ათასი სტუდენტის საზაფხულო დასაქმება საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. პროგრამის ბიუჯეტი: 12 მილიონ 500 ათასი ლარი.  

 

საერთო ჯამში ბოლო ექვსი წლის მანძილზე ხელისუფლებამ 102 მილიონი ლარი დახარჯა ქვეყნის ბიუჯეტიდან დასაქმების პროგრამებში (გარდა ამისა, დასაქმების პროგრამებს ახორციელებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობებიც),  რომლითაც 150 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ პროგრამების შედეგად? ამის შესახებ ”ბათუმელებმა” ინფორმაცია ვერ მოიპოვა,  თუმცა ამ პროგრამების ეფექუტრობა უნდა ასახულიყო სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში.


ამ სააგენტოს ინფორმაციით კი, 2007-დან 2008 წლამდე ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13,3 -იდან 16,5 პროცენტამდე გაიზარდა. 2009 წელს უმუშევრობის დონემ 16,9 პროცენტს მიაღწია, 2010 წელს საერთო მოსახლეობის 16,3, ხოლო 2011 წელს 15,1 პროცენტი იყო დაუსაქმებელი. ამ მონაცემებითაც ცხადი ხდება, რომ უმუშევართა რაოდენობა პროგრამის განხორციელების წლებში მნიშვნელოვნად არ შევცლილა. მეტიც, 2008-2009 წლებში საქართველოში დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. 



არასამთავრობო ორგანიზაცია ”უმუშევართა კავშირი” ოფიციალურ მონაცემებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს. ამ ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ უმუშევარი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია. ”ქვეყანაში არ არსებობს უმუშევართა რეალური სტატისტიკა. საქსტატის მონაცემებს არ ვენდობით, რადგან მათი კვლევა  სოციალურ გამოკითხვებს ეყრდნობა, რეალური სტატისტიკა კი კარდაკარ გამოკითხვის პრინციპით უნდა დადგინდეს”, _ ამბობს  ”უმუშევართა კავშირის” ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი.

 

”უმუშევართა კავშირმა” საკანონმდებლო ინიციატივა უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ პარლამენტს წარუდგინა, თუმცა კანონპროექტი პარლამენტმა ხარვეზის გამო უკან დააბრუნა, ”ფინანსური დასაბუთება აკლიაო. როგორ უნდა დაგვესაბუთებინა ფინანსურად, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს უმუშევართა რეალური სტატისტიკა”, – ამბობს თამარ იოვაშვილი. მისი თქმით, დასაქმების სამინისტროს შექმნით მთავრობამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ რასაც აქამდე აკეთებდა, არასწორი იყო. ”თუმცა ეს განცხადებებიც არის წინასაარჩევნო დაპირება, რადგან არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი” – დასძენს იოვაშვილი. –  ჩვენ მოვითხოვთ, მოგვცენ იმ სოცმუშაკების მუშაობის მონიტორინგის უფლება, რომლებიც უმუშევართა აღრიცხვას აპირებენ. თუ არ მოგვცემენ, მაშინ სხვა საშუალებებს მივმართავთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ირღვევა კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რომლითაც უნდა განისაზღვროს უმუშევართა სტატუსი და საარსებო მინიმუმი”.    


  

დასაქმების პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შესწავლის საგანი გახდა. ეს ორგანიზაცია დასაქმების პროგრამას განიხილავს, როგორც საარჩევნო კამპანიის იარაღს და ყურადღებას პროგრამის განხორციელებისას დაშვებულ ხარვეზებზე ამახვილებს. კერძოდ, 2006 წელს, “საბუთების ხელმოწერის შემდეგ, პროგრამის არც ერთი მონაწილე, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, სტაჟირების ადგილას არც კი მისულა. დადგენილების თანახმად, მათ სტიპენდიის პირველი ნაწილი (200 ლარი) რეგისტრაციისას მიიღეს. მეორე ნაკლოვანება, რომელსაც გარკვეულწილად ხელისუფლებაც აღიარებს, გარიგებებს ეხება… მეწარმეებს სტაჟიორები სახელმწიფო სტიპენდიიდან გარკვეული წილის მიღების პირობით აჰყავდათ”, – აღნიშნულია ანგარიშში.  

 

ეკონომიკის ექსპერტის, პროფესორ სოსო არჩვაძის აზრით, საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაიზარდა, თუმცა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ხელფასის ზრდას მოჰყვა ლარის გაუფასურებაც, ამიტომ საშუალო ხელფასის სიდიდემ გამოყენებითი ღირებულება დაკარგა. ”რაც შეხება საბიუჯეტო თანხით სამუშაო ადგილების შექმნას, სახელმწიფომ უნდა შექმნას თამაშის წესები და განსაზღვროს ის პირობები, სადაც ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. დღეს კი ეკონომიკა ვითარდება ზემოდან დირექტივებით”, _ ამბობს სოსო არჩვაძე.

 

ექსპერტის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ აცდება პოპულიზმს: ”არც ხელისუფლების პროგრამაა ამისგან თავისუფალი. შესაბამისად, არც პოლიტიკური კურსი შეცვლილა. უმუშევრობის დონეს ბიუჯეტი ნაკლებად ამცირებს, სამუშაო ადგილები უნდა შექმნას კერძო სექტორმა, ამიტომ ხელისუფლების 40 მლრდ პროგრამაზე უფრო სერიოზული საუბარი მომავლისთვის უნდა გადავდოთ, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, მომავალ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა როგორი კონფიგურაცია იქნება”.    

 

აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, იანვრიდან დღემდე სამუშაოს მაძიებლად 4819 ადამიანი დარეგისტრირდა. აჭარის მასშტაბით სამუშაო მხოლოდ 1655 ადამიანმა იპოვა. აქედან, მუდმივ სამუშაო ადგილზე 983 პირი დასაქმდა, დროებითზე– 644, ერთჯერადზე კი –28 ადამიანი, რომლებიც დღეს უკვე ისევ სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში არიან.

 

2006 წლიდან 2011 წლამდე ბათუმში რამდენჯერმე გაიზარდა უფასო სადილის მსურველთა რაოდენობა. თუ 2007 წელს ბათუმის მერიის უფასო სასადილოში 750 სოციალურად დაუცველი სადილობდა, 2012 წელს უფასო სადილისთვის მერიას 1470 ადამიანი მიმართავს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge