ეკონომიკა

სააკაშვილი „ლიბერთი ბანკს“ დაემუქრა [Video]

16 ივლისი, 2012 • • 2280
სააკაშვილი „ლიბერთი ბანკს“ დაემუქრა [Video]

პრეზიდენტი ბანკში სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგებას დაესწრო.

 

„რა  ვერ დაიმსახურეს პენსიონერებმა. არც ერთი პენსიონერი რიგში არ დადგება. ლიცენზია გადაეცემა იმ ბანკს, რომელიც ამას განახორციელებს, რიგებში ჩაყენების, გაზულუქების და თავზე წამოჯდომის გარეშე“, –განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 16 ივლისს. 

 

პრეზიდენტის კრიტიკას „ლიბერთი ბანკის” ფილიალებში პენსიონერების არასრულფასოვანი მომსახურების თაობაზე „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში ზურაბ წულაია სამართლიანს უწოდებს, თუმცა მომსახურებაში შეფერხებებს ობიექტური გარემოებების არსებობით ხსნის.

 

ზურაბ წულიამ GBC -სთან საუბარში განაცხადა, რომ „უკვე ფუნქციონირებს 97 „ლიბერთი ექსპრესი” და აგვისტოში მათი რაოდენობა 19-ით გაიზრდება, რაშიც ბანკი 1,5 მლნ ლარს ხარჯავს. აგვისტო-სექტემბერში გაიხსნება 30 მიკროსერვისცენტრი საქართველოს დიდ ქალაქებში. ეს ობიექტები მომხმარებელს სრულფასოვან საბანკო მომსახურებას გაუწევს. 5 ასეთი განყოფილება თბილისში უკვე ფუნქციონირებს”, – განაცხადა წულაიამ და დასძინა, რომ ეს გეგმები ბანკს პრეზიდენტის კრიტიკამდეც ჰქონდა და საფინანსო ინსტიტუტი ყველაფერს აკეთებს პენსიონერების და სხვა კლიენტების სრულფასოვანი საბანკო მომსახურებისთვის.

 

წულაია აცხადებს, რომ ბანკი საპენსიო მომსახურების კონტრაქტის გაგრძელებისთვის და ამ სეგმენტის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

„ლიბერთი ბანკი“ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ პენსიებს, მოქმედი კონტრაქტის საფუძველზე, 2009 წლიდან გასცემს. ბანკი 800 ათას პენსიონერს ემსახურება და ამ სერვისისთვის სახელმწიფო წელიწადში 1 მილიონ  150 ათას ლარს უხდის.

 

2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა. „ლიბერთი ბანკის“  გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა ლადო გურგენიძეს უკავია. გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

 

„ლიბერთი ბანკის“ აქციათა  91,218  პროცენტს გურგენიძესთან ერთად  რუმინული კომპანია  “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  დინუ პატრიჩიუ ფლობს. “Forbes”-ის მონაცემების მიხედვით, დინუ პატრიჩიუ რუმინეთის უმდიდრესი ადამიანია და მის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულება 1.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

 

„ლიბერთი ბანკის“ კონკურენტი საპენსიო ტენდერში შესაძლოა „საქართველოს ბანკი“ გახდეს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის:

 

„ბანკს 158 ფილიალი აქვს, საიდანაც სამოცზე მეტი თბილისშია წარმოდგენილი. ჩვენ ვაფართოებთ „ექსპრეს სერვის ცენტრებს“. ნოემბერში შევქმენით ახალი კონცეფცია“ .  

 

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის ძმა ირაკლი გილაური იკავებს. „საქართველოს ბანკი“, 2012 წლის 1 მაისის  ფინანსური მონაცემებით, 19 ბანკს შორის პირველ ადგილზეა.

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი