ეს ციფრი 2011 წლის 5 თვესთან შედარებით 128 პროცენტით არის გაზრდილი.
გასულ წელს აზერბაიჯანში საქართველოდან 55,184 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. ქვეყნიდან მცირე მოცულობებით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მოხდა თურქეთში. 2012 წელს საქართველოდან თურქეთში 3,646 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი შევიდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 2,384 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის ბაზრის განვითარებას, სტატისტიკის გარდა, საინფორმაციო პორტალ “ყვითელ ფურცლებში” არსებული ინფორმაციაც ადასტურებს. პორტალში ავტომობილების იმპორტ–რეექსპორტით დაკავებული 120 კომპანია იძებნება.
ქართულ ბაზარზე მეორადი ავტომობილების ერთ–ერთი მსხვილი დილერის „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სუპატაშვილი ამბობს, რომ ავტომობილების რეექსპორტის განვითარება საქართველოში ავტობაზრის კეთილმოწყობამ და გამარტივებულმა საბაჟო პროცედურებმა განაპირობა.
“საქართველო, ავტომობილებით ვაჭრობის თვალსაზრისით, არის ერთგვარი ცენტრი კავკასიაში. ბაქოს და სომხეთის ბაზრების ავტოდილერებს თანადაფინანსების სისტემა შევთავაზეთ. დილერების მიერ შერჩეულ ავტომობილში კლიენტები მხოლოდ 30 პროცენტს იხდიან. 70 პროცენტს ჩვენ ვუფინანსებთ. თანხას ბანკიდან ვიღებთ და კლიენტს განვადების სისტემას ვთავაზობთ. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე მზარდი მოთხოვნა არის ყირგიზეთის და ყაზახეთის ბაზარზეც. ყაზახეთის ბაზარი 1 ივლისიდან დაიკეტა, რადგან რუსეთის ერთიან საბაჟო სისტემას შეუერთდა” – ამბობს გიორგი სუპატაშვილი.
“კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორის განმარტებით, საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის რეჟიმში მოქცევის დროს მისი განბაჟება არ ხდება:
“აზერბაიჯანელი კლიენტები საქართველოში ნაყიდ ავტომობილს თავის ტერიტორიაზე ანბაჟებენ. ამ პროცედურის შედეგად ისინი ორმაგი დაბეგვრის რეჟიმში არ ხვდებიან და, შესაბამისად, პროდუქტი არ უძვირდებათ. აზერბაიჯანში ავტომობილის პირდაპირი იმპორტის შემთხვევაში მათ პროდუქტი დაახლოებით 2 ათასი დოლარით უძვირდებათ, რადგან თუ ავტომობილის იმპორტს აზერბაიჯანში დილერი განახორციელებს, პროდუქტი უნდა განბაჟდეს, რასაც დილერის მოგების მარჟაც ემატება. ამიტომ აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზარზე საქართველოდან რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული ავტომობილის ყიდვა ურჩევნიათ. ”
რეექსპორტზე მზარდი მოთხოვნის გამო ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია მძაფრია. სუპატაშვილის შეფასებით, ამ სეგმენტში ავტომობილების მეორადი ბაზარი ლიდერობს. მისი თქმით, ადგილობრივ და რეექსპორტის ბაზარზე ყველაზე მზარდი მოთხოვნა “ე” კლასის მერსედესებზეა. მეორე ადგილზეა “ბეემვე”–ს ბრენდის ავტომობილები.
ახალი ავტომობილები რეექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადის, თუ იქ ამ ბრენდებს წარმომადგენლობები არ აქვთ.
„იბერია ბიზნეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით გოგორიშვილი ამბობს, რომ კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე “კია”–ს, “მიცუბიშის”, “რენო”–ს და “პეჟო”–ს ბრენდები შემოაქვს. “ადგილობრივი და რეექსპორტის ბაზარზე 2008 წელს მომხდარი ვარდნის შემდეგ გაყიდვები ეტაპობრივად იზრდება. მთლიანი რეექსპორტის ბაზარზე მეორადი ავტომობილების წილი გაცილებით მაღალია, რადგან ცნობილ ბრენდებს სომხეთში და აზერბაიჯანში წარმომადგენლები ჰყავს. თუმცა კომპანიის მთლიან გაყიდვებში რეექსპორტის წილი 25 პროცენტია. სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზარს იმ ბრენდებს ვთავაზობთ, რომელთაც იქ წარმომადგენლები არ ჰყავთ. “
თბილისის “ტოიტა ცენტრის” გაყიდვების მენეჯერი არჩილ ავალიშვილი ამბობს, რომ “ტოიოტას” კავკასიის ბაზარზე წარმომადგენლობები აქვს. “ტოიოტას რეექსპორტს სომხეთში და აზერბაიჯანში ვერ ვახორციელებთ, რადგან იქ კომპანიას თავისი დილერები ჰყავს. ახლახან მივიღეთ რამდენიმე შეკვეთა აფრიკის ერთ–ერთი ქვეყნიდან. იმედია, ამ კონტინენტზე საქართველოდან “ტოიოტას” რეექსპორტი სერიული გახდება. “
არჩილ ავალიშვილის შეფასებით, ახალი ავტომანქანებით ვაჭრობის სეგმენტში ადგილობრივ ბაზარზე “ტოიოტას ცენტრს” 20– პროცენტიანი ნიშა უკავია. მეორად ბაზართან მიმართებაში კი კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი 2–3 პეოცენტია. “წელიწადში 500– მდე ავტომანქანას ვყიდით. “ტოიოტას” ფასი 17 ათასი დოლარიდან იწყება და 160 ათას დოლარამდე ადის”.
თბილისის, “პეჟოს ცენტრის” ხელმძღვანელი ერეკლე გაბუნია ამბობს, რომ 2008 წლიდან “პეჟოს” გაყიდვების მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე შემცირდა: “პეჟოს დაბალი ნიშა აქვს ბაზარზე. წელიწადში 40 ავტომობილი იყიდება. 2013 წელს იმპორტის გაზრდას 150–მდე ვაპირებთ, რეექსპორტზე ვერ ვმუშაობთ, რადგან “პეჟოს” მეზობელ ქვეყნებში წარმომადგენლობები აქვს.” “პეჟოს” ფასი ადგილობრივ ბაზარზე 7 ათასი ევროდან 35 ათას ევრომდე იცვლება.
კორპორატიულ მომხმარებელზე მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე “რენოს” წარმომადგენლობა. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ ამ სეგმენტში გაყიდვების დინამიკა მზარდია. “რენოს” რეექსპორტზე მოთხოვნა არის, თუმცა მაღალი ფასის გამო შეკვეთები მცირეა. “ ავტომობილების ფასი ჩვენთან 7 700 ევროდან იწყება და 40 ათს ევრომდე ადის”.