ეკონომიკა

„ეიჩესბისი ბანკი საქართველო“ ლიკვიდაციის პროცესშია

5 ივლისი, 2012 • 1934
„ეიჩესბისი ბანკი საქართველო“ ლიკვიდაციის პროცესშია

„ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ხდება ბანკის ლიკვიდაცია. ამ პროცესის დასრულებამდე ბანკმა უნდა შეასრულოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. „ეიჩესბისი ბანკი საქართველოს“  ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, ამიტომ საფინანსო ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესი არ შეფერხდება“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“„ეიჩესბისი ბანკი საქართველოს“  წარმომდგენლობაში.

 

”ეიჩესბისი ბანკი საქართველომ’’ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2007 წლის 30 ივლისს აიღო. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2012 წლის 28 ივნისის შესაბამისი განკარგულებით, ბანკს აღნიშნული ლიცენზია გაუუქმდა.

 

 „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“ ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს სალიცენზიო მოწმობა დაუბრუნოს. ლიცენზიის მოწმობის დაბრუნების ვადა 9 ივლისს იწურება.  

 

ბრიტანული ბანკის ქართულმა ფილიალმა საქართველოში ოპერირება საკუთარი სურვილით შეწყვიტა. „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველომ“ ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

 

ბანკმა ბიზნესის შეწყვეტის შესახებ პირველად 2011 წლის სექტემბერში  განაცხადა. „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ტოპმენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება ბაზრის სიმცირის გამო მიიღო.

 

ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადის გაკეთების შემდეგ „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ საცალო პორტფელი ფრანგული „სოსიეტე ჟენერალის“ წევრმა ბანკმა  „რესპუბლიკამ“ იყიდა.  მხარეებს შორის გარიგება 2011 წლის დეკემბერში შედგა.   

 

გარიგების თანხა კონფიდენციალურობის მოტივით არ დასახელებულა, თუმცა, HSBC-ის ინფორმაციით, ამ პორტფელის მთლიანი ღირებულება  2011 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით 4.5 მლნ დოლარს შეადგენდა. 

 

„რესპუბლიკა“ ბანკი საქართველოში აქტივების მიხედვით რიგით მეხუთე ადგილზეა. 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ”ეიჩესბისი ბანკი საქართველოს” წმინდა მოგება 2,737 მლნ ლარს შეადგენდა, აქტივები – 75,547 მლნ ლარს, ვალდებულებები – 38,487 მლნ ლარს, სააქციო კაპიტალი – 37,061 მლნ ლარს.

 

”ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს” ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე 18 კომრციული ბანკი ოპერირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი