ეკონომიკა

კონტრაბანდა ამერიკიდან – მილიარდიანი სხვაობა საქართველოსა და აშშ-ის მონაცემებს შორის

13 ივნისი, 2012 •
კონტრაბანდა ამერიკიდან – მილიარდიანი სხვაობა საქართველოსა და აშშ-ის მონაცემებს შორის

საქართველოს ბიუჯეტმა აშშ-სთან საგარეო ვაჭრობის შედეგად 1 მილიარდ ლარზე მეტი იზარალა, – ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაციაც დღეს “თბილისი მერიოტში” “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” მიერ გამართული კონფერენციის ფარგლებში შედგა.

 

კვლევა 2004-12 წლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შესახებ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა შალვა მექვაბიშვილმა ჩაატარა. მკვლევარმა აშშ–ის სახელმწიფო აღწერის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული საქართველოსთან ექსპორტ–იმპორტის მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ ანალოგიურ მონაცემებს შეადარა და მნიშვნელოვანი სხვაობა აღმოაჩინა. 

“2004 წელს აშშ–სა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ–ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56.7%, 2005 წელს – 57.5%, 2006 წელს – 49%, 2007 წელს – 38.8%, 2008 წელს – 42%, 2009 წელს –38%, 2010 წელს – 27.2%, 2011 წელს – 45.5%, 2012 წლის იანვარ–მარტში კი ჩრდილში იყო მოქცეული 46.5%”, – ნათქვამია კვლევაში. 

კვლევის შესაბამისად, აშშ-ის მონაცემებით, 2004–2012 წლებში საქართველოსთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 276,3 მლნ აშშ დოლარი შადგინა, როცა იმავე წლების სავაჭრო ბრუნვა ქართულ მხარეს 2 418,2 მლნ აშშ დოლარით აქვს განსაზღვრული. აღნიშნული მონაცემების შედარებით ჩანს, რომ საქართველომ 1 858,1 მლნ დოლარით, ანუ 56,5%–ით ნაკლები დააფიქსირა, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტმა მარტო გადასახადების სახით აშშ–დან შემოსული საქონლის განუბაჟებლობის გამო მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა.  

კვლევის მიხედვით, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98.6%, ალკოჰოლური სასმელების 89.2%, ბრინჯის 87% საქართველოში აღრიცხული არ არის იმპორტად. ასევე, კვლევის შესაბამისად, 2011 წელს აშშ-დან საქართველოში ხორცის 66.5% კონტრაბანდულად შემოვიდა და ქვეყნის ბიუჯეტს მარტო საბაჟოს კუთხით ამ ოპერაციებიდან დღგ-ის სახით დააკლდა მინიმუმ 12 მილიონი დოლარი. 

 

შალვა მექვაბიშვილის თქმით, ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს ელიტური კორუფციის მაგალითს, რომელიც მონოპილისტ იმპორტიორებს გადასახადების დამალვის საშუალებას აძლევს.

რატომ ფიქსირდება მნიშვნელოვნად განსხვავებული მონაცემები აშშ-სა და საქართველოს შესაბამისი სამსახურების მიერ? – ამ საკითხზე კონფერენციის მონაწილეებს შორის აქტიური დისკუსია გაიმართა.

 

“ციფრები ძალიან მრავლისმეტყველია და სერიოზულ ეჭვებს ბადებს, ამიტომ კიდევ უნდა გადამოწმდეს ამერიკულ მხარესთან ერთად. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გასცეს პასუხი საკუთარ მოსახლეობას, თუ საიდან მოდის ეს განსხვავებები!“ – განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.

 

ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, რეზო საყევარიშვილის თქმით, თითქმის 2 –მილიარდიანი ცდომილების მიზეზის დასადგენად უნდა დაიწყოს გამოძიება:

 

“გამოძიება აუცილებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუბარია დიდი რაოდენობის აღურიცხავი საქონლის მოძრაობაზე”. 

 

საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ამჟამად კი “ქართული ოცნების” პროგრამების კოორდინატორი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ ამგვარი განსხვავებები ხშირი იყო 1990–იან წლებში, როცა დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საქონელი შემოდიოდა საქართველოში. 

“ამერიკა არაფერს მალავს. მათ საიტზე ყველაფერი გამჭვირვალეა. იგივე სტატისტიკა საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. საქართველოს საბაჟოსგან უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს გადასახადების მიზანმიმართული დაფარვა, რაც სერიოზული დანაშაულია, თუ მათ აქვთ ამ განსხვავების მათეული განმარტება, რაც ძნელად წარმოსადგენია,” – აცხადებს ონოფრიშვილი.  

ექსპერტები ასევე თხოვნით მიმართავენ აშშ-ის საელჩოს, რათა შედგეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადაამოწმებს აღნიშნულ მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი