ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის გაუფასურების წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციები, რომელმაც ლარი მცირედით გაამყარა, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ერთი კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
“შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების მოახლოებულ თარიღს. რატომ ვფიქრობ ასე? ჯერ ერთი, ეროვნული ბანკისაგან განმარტებებს ვერ ვისმენთ, ათეულობით მილიონ დოლარს ყიდიან და საზოგადოებას არ ეუბნებიან, რატომ. ასეთი ტიპის ინტერვენცია გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც იცი, რომ საშუალოვადიან და გრძელავდიან პერიოდში ლარს გაუფასურება არ ელის და [ეს გაუფასურება] მხოლოდ მოკლევადიანი შოკით არის გამოწვეული. მაშინ ეს გვითხრან და აგვიხსნან: რისი იმედი გვაქვს მომდევნო თვეებში, რომ ლარის კურსის გაუფასურება შეჩერდება? აღარაფერს ვამბობ გამყარების დაწყებაზე. თუ ასეთი არგუმენტები და ფაქტები არსებობს, მაშინ გასაგებია, რომ ეს უბრალო დამთხვევაა არჩევნების თარიღთან. მაგრამ როდესაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საკმაოდ ბევრი ფული გადის ერონული ბანკის რეზერვიდან, ცოტა გაუგებარია”, – ამბობს ნამჩავაძე და დასძენს, რომ მისი აზრით, ამ ეტაპზე ამ ტიპის ინტერვენციები გამართლებული არ არის.
“ლარის კურსი გაუფასურების ტალღას წლის ბოლო პერიოდში გადის ხოლმე, ამას თავისი ლოგიკური საფუძველბი აქვს: ტურისტული სეზონი სრულდება, იზრდება ნავთობპროდუქტების იმპორტი და ამაში ფულს ვიხდით. ჯერჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ წინა წელს იყო ასეთი შემთხვევა, როცა ბიუჯეტიდან დეფიციტურად ფულის ხარჯვამ მოიმატა, რაც ასევე ამ წელსაცაა მოსალოდნელი. ამასთანვე, ჩვენს რეგიონში სიტუაცია ისეთივეა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტები არ არის მყარი… როცა ეს ყველაფერი სახეზეა, არ ვიცი, რა არგუმენტი უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა უნდა შევაჩერთოთ ლარის კურსის გაუფასურება და მომავალში თავისით გამყარდება. თუ ზუსტად იციან, რომ რაღაც დიდი ინვესტიცია შემოვა უახლოეს დღეებსა თუ თვეებში, მაშინ გასაგებია, მაგრამ ამას უნდა გვეუბნებოდნენ”.
ნამჩავაძე ამბობს, რომ არჩევნებამდე ლარის კურსის შენარჩუნება ამჟამინდელი მმართველი გუნდის ინტერესებშია:
“მე არ ვიცი, [მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს] ესაუბრებიან, ხვდებიან და შეთანხმებულად ხდება ეს თუ არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ვალუტის კურსის სიმყარე ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის. ხელისუფლების პირდაპირი დავალებით ხდება ეს, თუ ისედაც გასაგებია ეროვნული ბანკისთვის, რომ ასე უნდა მოხდეს, არ ვიცი. იგივე ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მოკლევადიანი შოკია და მისთვის ამ ინფორმაციის მიმოწდებელი მთავრობა იყოს. ანუ მთავრობა აწვდიდეს ეროვნულ ბანკს ისეთ ინფორმაციას, რომ მან ასეთი ინტერვენციები განახორციელოს, რადგან იცი, რომ შემდეგ უკეთესი მდგომარეობა იქნება”, – ამბობს ნამჩავაძე.
კითხვას, ხომ არ შეიძლება ამ მცირე შოკის მიზეზი მართლაც არჩევნები იყოს, ოღონდ სხვა კუთხით, მაგალითად, ის, რომ აქტორები ყიდულობდნენ მასიურად დოლარს იმის გამო, რომ არ იციან, რა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომაროება იქნება ქვეყანაში, ნამჩავაძე პასუხობს:
“შეიძლება, მაგრამ ეს მე და თქვენ უნდა ვივარაუდოთ. ეს იცის ერონულმა ბანკმა. მას ბანკებიდან აქვს ინფორმაცია: იმატა თუ არა კონვერტაციებმა, ხდება თუ არა დეპოზიტებიდან გადადინება ლარიდან დოლარში, გარკვეული ზოგადი მინიშნებები მაინც უნდა გაკეთდეს”.
ბესო ნამჩავაძესთან ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ეროვნულ ბანკს, სადაც ზემოხსენებულ თემაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე.
“სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. მაგალითად, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ინტერვენციების შედეგად იზრდება ფულის მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წარმოქმნის ქვეყანაში ინფლაციის რისკებს, ეროვნული ბანკი განახორციელებს აღნიშნული ოპერაციების სტერილიზაციას ღია ბაზრის ოპერაციების საშუალებით.
გარდა ზემოთ განხილული შემთხვევებისა, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის საჭიროება წარმოიშობა მთავრობის უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შედეგად. სებ-ი წარმოადგენს მთავრობის ბანკირს, შესაბამისად, მთავრობის ანგარიშები გახსნილია ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, მთავრობის უცხოური შემოდინებები და გადინებები პირდაპირ ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშიდან ხორციელდება და არ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ამის გამო, ქვეყნის დაბალანსებული საგადამხდელო ბალანსის მიუხედავად, შესაძლებელია არსებობდეს საგარეო უარყოფითი სალდო კერძო სექტორში და, ამავდროულად, სახელმწიფო დადებითი სალდო. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ განსხვავებების დასაბალანსებლად მოახდენს სავალუტო ინტერვენციას გაყიდვის მიმართულებით და პირიქით.
მაგალითად, კრიზისის დროს, 2008-2009 წლებში კერძო სექტორს ჰქონდა უარყოფითი საგარეო პოზიცია. ამავდროულად, უცხოური სამთავრობო დახმარებების ხარჯზე მთავრობას ჰქონდა დადებითი საგარეო პოზიცია. ქვეყნის მთლიანი საგარეო პოზიცია დაბალანსებული იყო. აქედან გამომდინარე, სებ-მა ამ პერიოდში სავალუტო აუქციონებით კერძო სექტორს მიაწოდა ამ დისბალანსით გამოწვეული უცხოური ვალუტა. ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციულ ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს”.