მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცენტრის მოდერატორის, ლუსია პოპკოვსკას განცხადებით, “მთელ მსოფლიოში მიკროსაფინანსო ინდუსტრია კრიტიკულ ზღვარზეა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არღვევენ პირველად კონცეფციას და იცვლიან პროფილს. ამიტომ შევიკრიბეთ თბილისში, რომ დავსვათ კითხვები, განვითარების რა ეტაპზეა მიკროსაფინანსო ბაზარი და როგორია ამ ბიზნესის მომავალი.”
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცენტრის მე–15 კონფერენციას ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ესწრება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” გენერალური დირექტორის ბესიკ შენგელიას განმარტებით, “კონფერენცია თბილისში პირველად იმართება. საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარი ყოველთვის საინტერესო იყო ინვესტორებისათვის და ამ კონფერენციის თბილისში ჩატარება იმიტომ გადაწყდა. ამ ღონისძიების ძირითადი ინიციატორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცენტრი. მიკროფინანსები აქტუალური თემაა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის”.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ცენტრის ინიციატივით გამართული კონფერენციის თემაა “მიკროფინანსები– კომერცია თუ განვითარება”. ბესიკ შენგელიას განმარტებით, ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე დაისვა საკითხი – მიკროფინანასები არის უბრალო კომერციული მიმდინარეობა, თუ მნიშვნელოვანი ბერკეტი ბიზნესის განვითარებისათვის.
საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონი ძალაში 2007 წელს შევიდა. “ლაზიკა, კაპიტალის” გენერალური დირექტორის ბესიკ შენგელიას განმარტებით, მიკროფინანსების განვითარების კუთხით, ადგილობრივ ბაზარზე პროფილი მხოლოდ 5-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეინარჩუნა. დანარჩენი კომპანიები კი, ძირითადად, უძრავი ქონების ბაზრზე საქმიანობენ და იპოთეკურ კრედიტებს გასცემენ.
საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე 63 კომპანია საქმიანობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ეგიდით გამართული კონფერენცია თბილისში 30 მაისს დასრულდება.