ეკონომიკა

„ალდაგი ბისიაიმ“ „იმედი ელში“ წილი 98,5 პროცენტამდე გაზარდა

24 მაისი, 2012 •
„ალდაგი ბისიაიმ“ „იმედი ელში“ წილი 98,5 პროცენტამდე გაზარდა

„ალდაგი ბისიაიმ“  „იმედი ელის“ 85 პროცენტი 2012 წლის აპრილში 8 მილიონ ლარად იყიდა. რა თანხა გადაიხადა კომპანიამ „იმედი ელის“ აქციების 13,5 პროცენტში, ჯერ არ სახელდება. 

 

ცნობილია, რომ „ალდაგი ბისიაისა“ და „იმედი ელის“ გაერთიანების შედეგად კომპანიის კაპიტალის ოდენობამ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა და სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე კომპანია გახდა. 

 

„ალდაგი ბისიაი“–ს პრესსამსახურის ცნობით, კომპანიის პორტფელის დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ამ  მიმართულებით მოზიდული პრემია 24 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი  – 6.5 მილიონ ლარს. კომპანიის პორტფელში მეორე ადგილზეა ავტომანქანის დაზღვევა – მოზიდული  პრემია შეადგენს 3 მილიონ ლარს  და ანაზღაურებული ზარალი  – 2 მილიონ ლარს. ქონების დაზღვევაში მოზიდული პრემია 2.5 მილიონი ლარია, ხოლო ანაზღაურებული ზარალი –  28 ათასი ლარი. 

 

„იმედი ელის“ მოზიდულმა პრემიამ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით 10 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა  ზარალმა – 8 მილიონი ლარი. ავტოდაზღვევის მიმართულებით მოზიდულმა პრემიამ 532,102 ლარი შეადგინა,  ანაზღაურებელი ზარალი კი 358,822 ლარია. ქონების დაზღვევაში  მოზიდული   პრემია 1,239820 ლარია, ხოლო ანაზღაურებული ზარალი  –  35,956 ლარი.

 

2011 წელს „ალდაგი ბისიაიმ“ მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგებები განახორციელა.   სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ სადაზღვევო პორტფელი შეიძინა, ალდაგი ბისიაის შვილობილი კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკა“ კი ბლოკ ჯორჯიას აქტივების 100%–ის მფლობელი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის  მონაცემებით, ალდაგი ბისიაი სადაზღვევო ბაზრის 26% -ს ფლობს. 2012 წლის პირველ კვარტალში „ალდაგი ბისიაიმ“ 34.1 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი