ეკონომიკა

თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა

19 მაისი, 2012 • 1234
თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა

იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს დღევანდელმა საგანგებო სხდომამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა, თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა. 

საკრებულოს დღევანდელი საგანგებო სხდომის ერთადერთი საკითხი– თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება- 3 მილიონი ლარით გაზრდა იყო. აღნიშნული ფული თბილისში 12 მაისს მომხდარი სტიქიით დაზარებულთა დახმარებისთვის გამოიყოფა. 

კამათი საკრებულოს და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის, თინა ხიდაშელის კომენტარს მოჰყვა. ხიდაშელს აინტერესებდა, რატომ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტურად ინფორმაცია, კონრეტულად რა ღონისძიებებისთვის გამოიყოფიდა აღნიშნული თანხა, რომლის განკარგვაც რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების მიერ მოხდება. 

“იქნებ მეტი ან ნაკლები თანხაა საჭირო, რის მიხედვით დაადგინეთ, რომ სწორედ 3 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ნებსიმიერ ქვეყანაში ამაზე დიდი კატასტროფა მომხდარა, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ზარალის შესახებ ინფორმაცია აქვთ უკვე. დახარჯავენ ამ ფულს და იტყვიან ზარალის ოდენობას. ეს არის ტიპური ელიტური კორუფცია,”- განაცხადა ხიდაშელმა.

საბოლოოდ ხიდაშელმა მოითხოვა, რომ საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც მაისის ბოლოს გამართება, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ დოკუმენტები, რისთვის დაიხარჯება 3 მილიონი ლარი.

ხიდაშელმა ელიტურ კორუფციაზეც ისაუბრა და იმ კომპანიების მონაცემები მოითხოვა, რომლებიც კოლექტორებთან და სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში 2008 წლიდან იმარჯვებენ:  

“მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი ამჟამად არხების და სანიაღვრე სისიტემების გასამართად. თუ ამდენი ფული იხარჯება და არხები და კოლექტორები იგივე მდგომარეობაში რჩება, ამ სტიქიის პროგნოზირება შეიძლებოდა.”

პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იბსაუბრა საკრებულოს ოპოზიციაურმა წევრმა ზაზა გაბუნიამაც.

“აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რომელსაც  ნებისმიერი  სტიქია უქმნის საფრთხეს. ასეთი სახლი ქალაქში არის ძალიან ბევრი. მერია მათ 60 %– იან თანადაფინანსებას სთავაზობს, ვინაიდან ადამიანებს ეს 40 % არ აქვს, დაფინანსება აზრს კარგავს. მერიამ საკუთარ თავზე აიღოს მთლიანად და გააუქმოს თანადაფინანსება,”-განაცხადა გაბუნიამ. 

საბოლოოდ ბიუჯეტის 3 მილიონით გაზრდას მხარი საკრებულოს ყველა დეპუტატმა დაუჭირა. 

თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული ცვლილებისთვის მხარის დაჭერა იმით ახსნა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ვინადაინ საქმე დაზარალებულ მოქალაქეებს ეხება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი