დაეკისრება თუ არა საჯარიმო სანქციები სამშენებლო კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ და სცილდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 13 მაისს „ჭალების დასახლებაში“ გაკეთებული განცხადებით თანამდებობრივი კომპეტენციის ზღვარს?
საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის კახა კოჟორიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში შეიჭრა:
„სამშენებლო სექტორს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის“ შესახებ არსებული კანონმდებლობა არეგულირებს. კანონში ნათქვამია, რომ დადგენილ ვადაში მშენებლობის დაუმთავრებლობის შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა ეკისრება. ყველა ზონაში განსხვავებული ოდენობის ჯარიმაა. დაუმთავრებელ ობიექტზე საჯარიმო სანქცია დაახლოებით 10 ათას ლარს ითვალისწინებს“.
საჯარიმო სანქციების განხორცილების უფლება აქვს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
„კანონი არ აძლევს პრეზიდენტს მშენებლობის დანგრევის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სააკაშვილის განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი მითითებად შეგვიძლია განვიხილოთ,“ – ამბობს კოჟორიძე.
„ჭალების დასახლებაში“ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა გულუას #1–ში შეჩერებული მშენებლობის შესახებ მწვავე განცხადება გააკეთა:
“ეს მშენებლობა ან დაამთავრონ, ან ჯარიმა დავადოთ და ეს ყველაფერი მოვანგრიოთ. ხალხს რაღაცები თავზე დაადგეს, ასე არ გამოვა. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ. თავის დროზეც არ უნდა გაცემულიყო აქ მშენებლობის ნებართვა”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ვიცე-მერს დავით ნინიძეს.
გულუას 1 ნომერში სახლს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლევი“ აშენებდა. კომპანიის პრიორიტეტული პროექტი „ორთაჭალის ვარსკვლავი“ამ დრომდე დაუმთავრებელია.
„ოლიმპიურ ვარსკვლავში“ ამბობენ, რომ კომპანიას ფინანასური სირთულეები აქვს და მუქარა კი არა, დახმარება სჭირდება.
კახა კოჟორიძის შეფასებით, შესაძლოა პრეზიდენტის განცხადებამ ბიზნესს დაუცველობის შეგრძნება გაუჩინოს:
„მესაკუთრე საფრთხეს იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იტყვის: მოდით, ეს შენობა დავანგრიოთ და შესაბამისი კანონმდებლობა ვერ იქნება ბიზნესის დაცვის გარანტი“.
კოჟორიძის თქმით, კერძო საკუთრების დანგრევის თემა აქტუალური იყო 2006–07 წლებში. შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.
„პრეზიდენტის ეს განცხადება საფრთხეს უქმნის კერძო საკუთრების დაცულობის შეგრძნებას და გარანტირებულობას,“ – მიაჩნია კოჟორიძეს.
„ორთაჭალის ვარსკვლავში“ „ნეტგაზეთს“ განუმარტეს, რომ სახლის ასაშენებლად მიწა სახელმწიფოსგან აუქციონზე იყიდეს. პრობლემა არც პროექტის დამტკიცებაზე და ნებართვის გაცემაზე შექმნიათ.
„სადაც „ორთაჭალის ვარსკვლავი“ შენდება, შს სამინისტროს ყოფილი გარაჟები იყო. შემდეგ გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. „ორთაჭალის ვარსკვლავი“ კანონიერი მშენებლობაა,“ –აცხადებენ „ოლიმპიურ ვარსკვლავში“.
„ოლიმპიური ვარსკვლავი“ სამშენებლო ბაზარზე 2004 წელს შემოვიდა. კომპანია საზოგადოების წინაშე ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გიორგი ასანიძემ, ზვიად ზვიადაურმა და ილია ილიადესმა წარადგინეს.
გიორგი ასანიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. ზვიად ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.
„ოლიმპიურ ვარსკვლავში“ „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გულუას 1 ნომერში მშენებარე ობიექტს ახალი ინვესტორი დაასრულებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტის ახალი მეპატრონე საკმაოდ ძლიერი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელია.
საჯარო რეესტრის მონაცემებში კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლა არ ფიქსირდება. კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ გენერალური დირექტორი ზაზა რაზიკაშვილია, რომელიც 70 პროცენტს ფლობს, 30 პროცენტი კი ნათელა წიქარიშვილის მფლობელობაშია.