პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ 2011 წლის ანგარიში წარადგინა. ბიზნესის დამცველმა, ძირითადად, საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.
პერტაიას ინფორმაციით, 2011 წელი საკმაოდ პოზიტიური იყო ბიზნესისთვის:
„2011 წელს შეიცვალა საგადასახადო პოლიტიკა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია გაუმჯობესდა“ .
ბიზნესომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს 2011 წელს საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ჭარბ ცვლილებებს. მისი თქმით, იდეალური საგადასახადო კოდექსი არც ერთ ქვეყანას არ აქვს:
„ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად იცვლება მოტივაცია და, შესაბამისად, კანონები. ამიტომ მეწარმეს უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რათა საკუთარი ბიზნესი შესაბამისად გადააწყოს. სასურველია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში წელიწადში ორჯერ შევიდეს და ბიზნესები ამის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი“.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ბიზნესის მდგომარეობის შესახებ:
„ბიზნესომბუდსმენის შუამავლობით გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ბიზნესებთან. 2011 წელს ბიზნესწრეებიდან კანონმდებლობასთან დაკავშირებით, დაახლოებით 100–მდე შენიშვნა გვაქვს მიღებული, რომლის 54 პროცენტი გავითვალისწინეთ. დარჩენილი 46 პროცენტი განხილვის პროცესშია. ვფიქრობთ, მივიღებთ ისეთ საგადასახადო კოდექსს, რომელიც მეწარმეებს სურთ“.
ანგარშის წარდგენის შემდეგ გიორგი პერტაიას კითხვა მხოლოდ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ დაუსვა. მან პერტაიას ბიზნესის საკუთრების ხელყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა. ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, რომ ბიზნესს აქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა კონკრეტული კომპანიების მაგალითზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
გურამ ჩახვაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნესის უფლებები ირღვევა და საკუთრების ხელყოფის ფაქტებიც არსებობს:
„როცა კითხვას ვსვამ, გარკვეული ინფორმაციაც მაქვს და ქვეყანაშიც არის ისეთი სიტუაცია, რის გამოც ასეთი კითხვები ჩნდება. ბიზნესომბუდსმენის საკანონმდებლო ინიციატივები არის ერთი მხარე, მაგრამ როცა ხდება კანონის დარღვევა, ბიზნესი ვერ შედის სასაქონლო ბაზარზე, ან ხდება მისი საკუთრების უფლების შელახვა, ამაზე პერტაიამ უნდა ისაუბროს. ვფიქრობ, რომ მომავალში ამ ინსტიტუტის ნდობა და ცნობადობა უნდა იყოს მაღალი. მცირე და საშუალო ბიზნესი ნაკლებად დაცულია თავისი მდგომარეობის გამო. სამწუხაროდ, ამ ანგარიშში ასეთი ინფორმაცია ჩვენ ვერ მოვისმინეთ,“– ამბობს გურამ ჩახვაძე.
ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. გიორგი პერტაია ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დანიშნა. პერტაიამ პარლამენტში პირველი წლიური ანგარიში წარმოადგინა.