ეკონომიკა

კვლევამ თბილისში ყველაზე იაფი და ძვირი აფთიაქები გამოავლინა

2 მაისი, 2012 •
კვლევამ თბილისში ყველაზე იაფი და ძვირი აფთიაქები გამოავლინა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ილიაუნი ბიზნეს რევიუ” ჯგუფმა აფთიაქების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

კვლევის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების მკვლევარებმა თბილისის ქსელური აფთიაქებისა და ყველაზე ხშირად მოხმარებული წამლების ფასების ანალიზი გააკეთეს. კვლევის მიზანი ყველაზე “იაფიანი” და “ძვირიანი” აფთიაქების გამოვლენა იყო.

მკვლევართა ჯგუფმა იკვლია 20 სხვადასხვა მედიკამენტი: ბინტი, ბამბა, “ანალგინი”, “ბარალგინი”, “ნოშპა”, “ადელფანი”, ”ტაიქოლდი” და სხვა. კვლევა მიმდინარეობდა PSP, “ფარმადეპო”, “სახალხო აფთიაქი”, “ფარმაცენტრი”, “ავერსი”, “ნეოფარმი”, “აფთიაქ 36.6” “GPC” და “ფარმაგიდზე” დაკვირვებით.

კვლევის ფარგლებში პროცენტული მაჩვენებლები ყველაზე იაფ აფთიაქებს შორის ასე განაწილდა: “ფარმადეპომ” 24.0% დააგროვა, მას მოსდევს “PSP” – 20.5%,  ხოლო ბოლო პოზიციას 18.5%–ით თანაბრად ინაწილებენ: “სახალხო აფთიაქი”, “ფარმაცენტრი” და “ავერსი”. 

კვლევის შესაბამისად, ყველაზე ძვირიანი აფთიაქი “36.6”-ია (40.5%), მას მოსდევენ “ნეოფარმი” (20.5%) და “ფარმაგიდი” (24.3%).

“ილიაუნი ბიზნეს რევიუში” აცხადებენ, რომ “თუ “ყველაზე იაფ” აფთიაქში, მომხმარებელი კველევაში დასახელებულ მედიკამენტებს შეიძენს, იგივე წამლების შეძენისას მომხმარებელი “ყველაზე ძვირ” აფთიაქში 62%-ით უფრო ძვირს გადაიხდის.”

კვლევის ფარგლებში, მკვლევართა ფოკუსში არ მოხვედრილა მიზეზი, თუ რა განაპირობებს ფასების ცვალებადობას აფთიაქებს შორის. თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლოა, ჯგუფმა აღნიშნული საკითხიც იკვლიოს.

“კვლევის მიზანი არ ყოფილა მიზეზის დადგენა, თუ რატომ აქვთ აფთიაქებს მაღალი თუ დაბალი ფასები, ჩვენი მიზანი იყო, ზოგადად, ბაზრის სურათის შექმნა და მოსახლეობისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რომელი აფთიაქებია ყველაზე ძვირიანი თუ იაფი,”– განაცხადა მკვლევარმა გიორგი მიქანაძემ.

კვლელევა 2012 წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი