აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების შემცირების მიზეზად ნავთობმარაგების შექმნისთვის დაწესებული ვადების ზრდა სახელდება.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის არიფ ველიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების კლება ნავთობმარაგების დარეზერვებას უკავშირდება: „იზრდება ნავთობმარაგების დარეზერვების ვადები უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. ეს არის დაგეგმილი სტრატეგია“– ამბობს ველიევი.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პირველი ვიცეპრეზიდენტი გეოლოგიის საკითხებში ხოშაბახტ იუსიფზადე ამბობს, რომ 2012 წელს აზერბაიჯანი 45,45 მილიონი ტონა ნავთობს მოიპოვებს. 2011 წელს ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმა ქვეყანაში 45,3 მილიონი ტონა შეადგინა.
აზერბაიჯანის დამტკიცებული მარაგების მაჩვენებელი, იუსიფზადეს ინფორმაციით, 2 მილიარდ ტონას შეადგენს.
2010 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმა 50 მილიონი ტონა შეადგინა. მაშინ ნავთობის მოპოვების კლების ოფიციალურ მიზეზად „აზერი–ჩირაგ–გიუნშელის“ ნავთობისა და გაზის საბადოებზე ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ქვეყანაში ნავთობის მოპოვების ოპტიმალური მოცულობა წელიწადში 50 მილიონი ტონაა.