ეკონომიკა

“ელიტ ელექტრონიქსის” ისრაელელი მფლობელი “გააფრთხილეს”

24 აპრილი, 2012 •
“ელიტ ელექტრონიქსის” ისრაელელი მფლობელი “გააფრთხილეს”

“ელიტ-ელექტრონიქსის” მფლობელმა, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, პრესკონფერენცია მოულოდნელი სისწარფიდ დაასრულა, რადგან  დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი უსაფრთხოება სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი.

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი მენეჯმენტის და მფლობელების პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ 15 წუთში დასრულდა. ის  ქართული თარგმანის გარეშე მიმდინარეობდა. „ელიტ ელექტრონიქსში“ მიმდინარე პროცესების  შესახებ კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა მატი ლეშმიმ ისაუბრა.

მედიასთან შეხვედრას კომპანიის ახალი მფლობელი, „ბრიმაგი  ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი საულ სილბერშტენი ესწრებოდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კითხვის დასმის უფლება კომპანიის პიარის წარმომდგენლებმა არ მისცეს. მატი ლეშმიმ და საულ სილბერშტენმა „ჰოლიდეი ინი“ დაცვის თანხლებით დატოვეს.

„ნეტგაზეთისთვის“ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი მენეჯმენტის მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციის ფორმატი მოულოდნელად შეიცვალა და ჟურნალისტებსაც ამიტომ არ მიეცათ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

„ნეტგაზეთს“ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომ კომპანიის მფლობელს დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი უსაფრთხოება სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი და მედიასთან შეხვედრა სწრაფად უნდა დაესრულებინა.  

თუმცა ამ საკითხებზე “ელიტ ელექტრონიქსის” ხელმძღვანელობა არ საუბრობს.

„ნეტგაზეთისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „ელიტ ელექტრონიქსში“ უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც  თბილისში   13 თებერვალს საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად  ავტომობილში ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.

საქართველოს მოქალაქე რომან ხაჩატურიანი თბილისში, ისრაელის საელჩოში, მძღოლად მუშაობს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავტომობილში ბომბი თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის საელჩოსთან იპოვეს. უტიაშვილის თქმით, ხაჩატურიანმა საკუთარ ავტომობილში საეჭვო ნივთი შენიშნა, რაც სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. ფაქტზე დაწყბეულია სისხლის სამართლის გამოძიება.

„ელიტ ელექტრონიქსში“ მენეჯმენტი და მფლობელი 2012 წლის აპრილში შეიცვალა. „ბრიმაგის ჯგუფი“ არის სონის, გრეცის, როსიერის და ჰაუვერის ოფიციალური დისტრიბუტორი ევროპასა და ისრაელში. ასევე, ინვესტორთა ჯგუფში შედიან ქართული კომპანიები – ელიტ ეფლაიენსი და უნივერსალ კაპიტალ გრუპი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ელიტ ეფლაიენსის“გენერალური დირექტორი ისრაელის მოქალაქე მიხაილ ბენიმინია. ის კომპანიის 100 პროცენტს ფლობს. „უნივერსალ კაპიტალ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იოსებ მგელაძეა. კომპანიის 100 პროცენტს პანამაში დარეგისტრირებული რილფ მენეჯმენტი ფლობს.  

როგორ ნაწილდება „ელიტ ელექტრონიქსის“ მფლობელ კომპანიებს შორის აქციები, არ სახელდება. როგორც „ნეტგაზეთისთვის“ გახდა ცნობილი,  „ბრიმაგის ჯგუფი“ კომპანიის საკონტროლო პაკეტს ფლობს, აქციების დანარჩენი წილი კი ორ  კომპანიას– „ელიტ ეფლაიენსზე“ და „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“– შორის ნაწილდება.

კომპანიის ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის წილი 1 435 012 აქცია 19 აპრილს გამართულ აუქციონზე 72 675 ლარად გაიყიდა, რაც საწესდებო კაპიტალის 14.99 პროცენტია.

ამავე თემაზე:

„ელიტ ელექტრონიქსი“ „ბრიმაგის ჯგუფმა“ იყიდა

„ელიტ ელექტრონიქსის“ მფლობელს სახელმწიფომ აქციები გაუყიდა

ქოქოლაძე: “ელიტ ელექტრონიქსის” წართმევა ბოლო ფაზას უახლოვდება


მასალების გადაბეჭდვის წესი