კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი 1 435 012 აქცია აუქციონზე 72 675 ლარად გაიყიდა. ეს საწესდებო კაპიტალის 14.99 პროცენტია. წილების შემსყიდველის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
19 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ქოქოლაძის სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი საზოგადოებას აუქციონის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებდა. ქოქოლაძე აცხადებდა, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ თაღლითური გზით ართმევდნენ. კომპანიის ყოფილი მფლობელის მოწოდების მიუხედავად, აქციები აუქციონზე მაინც გაიყიდა.
ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი აქციები აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიტანა.
აუქციონი 2012 წლის 11 აპრილს დაიწყო და 19 აპრილს დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ბესო ლილუაშვილის ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე აქციების ყიდვის ინტერესი მხოლოდ ერთმა სუბიექტმა გამოხატა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აქციების მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ. როგორც ლილუაშვილი განმარტავს, მფლობელის ვინაობა ოფიციალურად 10 დღეში გახდება ცნობილი, როდესაც აქციების მის სახელზე დარეგისტრირების პროცედურა დასრულდება.
საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით, „ელიტ ელექტრონიქსის“ 30 პროცენტს ბანკი „რესპუბლიკა“ ფლობს, დანარჩენ 70%-ს ანზორ ქოქალაძე ფლობდა, თუმცა მისი აქციების 55 პროცენტს „თიბისი ბანკი“ განკარგავს. აქციების 14.99% აუქციონზე გაიყიდა.
ამ დროისთვის კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ რეაბილიტაციის რეჟიმშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი რეაბილიტაციის მმართველია კომპანია „ვინკო პარტნერსი“, ხოლო გენერალური დირექტორი – ისრაელის მოქალაქე მატიტიაჰუ დევიდ ლეშმი. კომპანიის პიარმენეჯერის, ნოკა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, კომპანიის გენერალური დირექტორი ისრაელში იმყოფება, ხოლო „ვინკო პარტნერსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა „ელიტ ელექტრონიქსში“ მიმდინარე რეაბილიტაციის შესახებ მედიასთან არ საუბრობს. კომპანიის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდება.
„თიბისი ბანკმა“ „ელიტ ელექტრონიქსის“ მართვის უფლება 2010 წლის აპრილში მოიპოვა. „თიბისი ბანკმა“ ანზორ ქოქოლაძე კრედიტის გადახდის გრაფიკის დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის საფუძველზეც „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55 პროცენტი 116 ათას ლარად გადაიფორმა.
კომპანიის ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, “ელიტ ელექტრონიქსის” დასაკუთრება თაღლითური გზით დასრულდება:
„მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ვარ, ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას“, _ აცხადებს ქოქოლაძე.
მისი თქმით, აღნიშნულ წილს ასხვისებენ სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე, რომელიც ბიზნესმენს პატიმრობასთან ერთად დაეკისრა. ქოქოლაძემ ბიუჯეტს 10 000 ლარის ჯარიმა, ხოლო „ელიტ ელექტრონიქსს“ 6 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს.
ანზორ ქოქოლაძის ადვოკატი ლელა ნადიბაიძე ამბობს, რომ აქციების გასხვისება უკანონო პროცესების განვითარების შედეგია:
„ანზორ ქოქოლაძეს 2010 წლის 21 აპრილს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა“.
ლელა ნადიბაიძის განმარტებით, აქციების გასხვისება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ გახდა შესაძლებელი: „2012 წლის 27 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ანზორ ქოქოლაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ვინაიდან „ელიტ ელექტრონიქსი“„თიბისი ბანკის“ კრედიტორია, ბანკმა ვალი უნდა ამოიღოს და აქციების გასხვისება დღის წესრიგში დადგა“.
ლელა ნადიბაიძე ამბობს, რომ აქციების სავარაუდო მყიდველი ის ფინანსური ჯგუფი იქნება, რომელიც კომპანიას განკარგავს, რადგან სადავო ქონებას კეთილსინდისიერი ბიზნესკომპანიები არ იყიდიან.
მისი თქმით, ანზორ ქოქოლაძეს წართმეული ქონების დაბრუნება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით შეუძლია. ადვოკატი ქოქოლაძის საქმეს ევროსასამართლოსთვის ამზადებს.