ეკონომიკა

ქოქოლაძე: “ელიტ ელექტრონიქსის” წართმევა ბოლო ფაზას უახლოვდება

19 აპრილი, 2012 •
ქოქოლაძე: “ელიტ ელექტრონიქსის” წართმევა ბოლო ფაზას უახლოვდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“  „ელიტ ელექტრონიქსის“  ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქოქოლაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.  

„ჩემთვის “ელიტ ელექტრონიქსის” წართმევა საბოლოო ფაზას უახლოვდება, მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან გარიგებაში მყოფ “თიბისი” ბანკმა “ელიტ ელექტრონიქსის” მართვის უფლება უკანონოდ მოიპოვა და “თიბისი” ბანკთან შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 55% უკანონოდ, 116 ათას ლარად გადაიფორმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ სიმბოლურ ფასად ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ დაფუძნებულ “ელიტ ეფლაიენსს” გადასცა, ამჟამად უკვე პატიმრობაში მყოფს, ჩემს  საკუთრებაში დარჩენილი “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების  15%-ც აუქციონის გზით აღსრულებას დაექვემდებარა, სადაც საწყისი ფასი 71 ათასი ლარია“ – ნათქვამია ანზორ ქოქოლაძის განცხადებაში. 

კომპანიის ყოფილი მფლობელის განცხადებით,  “ელიტ ელექტრონიქსის” დასაკუთრება თაღლითური გზით დასრულდება: „მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ვარ, ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას,“ – აცხადებს ქოქოლძე.

მისი თქმით, აღნიშნული წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე, რომელიც ბიზნესმენს პატიმრობასთან ერთად დაეკისრა ბიუჯეტის მიმართ 10 000 ლარის ჯარიმის და ელიტ ელექტრონიქსის მიმართ 6 მილიონი ლარის სახით.

„მივიჩნევ, რომ ეს არის იმ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, თიბისი ბანკი, მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით,“ – აცხადებს ქოქოლაძე.  

ბიზნესმენი მოუწოდებს ყველას, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკანონოდ, თაღლითური გზით ჩამორთმეული ქონებისა თუ წილების აუქციონში, ვინაიდან დღეს მათ მიერ შეძენილი ქონება ხვალ აუცილებლად გახდება დავის საგანი. ისინი ვერ იქნებიან კეთილსინდისიერი შემძენნი.

„არ ვაპირებ დანებებას და განვაგრძობ ბრძოლას უკვე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა და საერთოდ, თავისუფალი ბიზნესის და ბიზნესმენების უფლებების დასაცავად,“ –აცხადებს ქოქოლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი