აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6% იქნება, 2013 წელს კი ზრდის ტემპი 6,3%-ს მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა, აზიის განვითარების ბანკი თვლის, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონსა და ევროზონაში ეკონომიკების ზრდის შემცირება განაპირობებს.
„საქართველოს მშპ-ის ზრდის პერსპექტივა დამოკიდებული იქნება რეგიონის ძირითადი მოთამაშეების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთში არსებულ სიტუაციებზე. ამ ქვეყნებისა და ასევე ევროზონის ეკონომიკებში ზრდის ტემპის შემცირება გამოიწვევს საქართველოში ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებას. ეს განაპირობებს ქვეყნის მშპ-ის ზრდის 6%-მდე დაცემას”, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში, რომელიც ცენტრალურ აზიას და კავკასიის რეგიონს ეხება.
ბანკის გათვლებით, სამომხმარებლო მოთხოვნის დაცემის ფონზე, საქართველოში წლიური ინფლაცია წელს 4,8%-მდე დაეცემა. 2013 წელს კი ინფლაციის ზრდის ტემპი 6,2% იქნება, რაც მსოფლიო ეკონომიკის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული. აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად სისტემური უმუშევრობა რჩება, რისთვისაც ბანკი საქართველოს მთავრობას ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებში რეფორმების გატარებას ურჩევს. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2012-2013 წლებში ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ქვეყნები ეკონომიკური ზრდის ტემპს შეინარჩუნებენ, თუმცა ვერ შეძლებენ მის დაჩქარებას რუსეთსა და ევროზონაში არსებული პრობლემების გამო.
„თურქმენეთსა და აზერბაიჯანში ნახშირწყალბადის მოპოვების გაფართოებით, შიდა ინვესტიციებით სომხეთსა და უზბეკეთში, ასევე უცხოური ინვესტიციებით საქართველოში, რეგიონის ქვეყნები შეძლებენ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 6,1-6,2%-ის ფარგლებში შეინარჩუნონ”- ნათქვამია ბანკის ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2012 წელს აზერბაიჯანის მშპ-ის ზრდის ტემპი 4,3% იქნება, სომხეთში – 3,8%, ყაზახეთში -6%, ყირგიზეთში – 5%, ტაჯიკეთში – 5,5%, თურქმენეთში- 10%, ხოლო უზბკეთში-8%.