„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, საბანკო სფეროს კომპონენტში ქართულ ბანკებს ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. საქართველო სესხის აღების სიმარტივით 142 ქვეყანას შორის 79–ე, ხოლო საბანკო სისტემის სიჯანსაღით 104–ე ადგილზეა.
„ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის” გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 150 ქვეყანა ხვდება. ეს ერთ-ერთი სერიოზული კვლევაა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ზუსტ დიაგნოზს სვამს.
ლექვინაძე საქართველოს საბანკო სექტორის შესახებ „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ შეფასებას ეთანხმება:
„ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეს საბანკო სექტორი ბევრად უსწრებს. მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი, რისკების მაჩვენებელი მაღალია. ბანკები მოწყვეტილნი არიან ეკონომიკას. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2011 წელს საბანკო სექტორის მოგება 350 მილიონ ლარზე მეტი იყო, ეკონომიკის სხვა სექტორები კი დაბალი მოგების მარჟაზე იყვნენ ორიენტირებულნი“.
რაც შეეხება კრედიტზე ხელმისაწვდომობას, ლექვინაძის შეფასებით, „მეწარმე სუბიექტებისათვის კრედიტი არის ძვირი და ხელს უშლის ბაზრის მოთამაშეების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. იმისთვის, რომ საქართველოში ბიზნესი იყოს კონკურენტუნარიანი, მას იაფი ფინანსური რესურსი ჭირდება“.
ეკონომიკის დოქტორს, სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაკროეკონომიკური კუთხით შორს არის მოწინავე პოზიციებისაგან:
„საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მაღალია. მოზიდულ და გაცემულ აქტივებს შორის არის დიდი სხვაობა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება საშუალო ევროპულს 2,5 ჯერ.“
არჩვაძის თქმით, საბანკო სექტორის წარმატება საქართველოში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით შეიძლება შეფასდეს:
„საბანკო საქმიანობის ორგანიზაციის კუთხით გააქტიურებულია ელექტრონული გადარიცხვები, ამოქმედდა ბანკომატები და პლასტიკური ბარათები. საქართველოში კრედიტის ღირებულების თანაფარდობა მშპ–სთან ჯეროვნად ჩამორჩება როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებს, ასევე – ბალტიის სახელმწიფოებს“.
არჩვაძის შეფასებით, საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ხელს უწყობს ფულადი რესურსების მოზიდვა და საბანკო აქტივების შემჭიდროვება:
„ქვეყანაში საბანკო აქტივების ზრდა დაბალია. საბანკო სექტორის გამსხვილება უნდა გაგრძელდეს. 19 ბანკი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის და ბანკების რესურსებიდან გამმდინარე, ბევრია. მოსახლეობა ბანკში, ძირითადად, სამომხმარებლო სესხისთვის მიდის. სტატისტიკის თანახმად, აგრარული დანიშნულებისათვის აღებული სესხების რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე იპოთეკისა და გირავნობისთვის აღებული სესხები. მოსახლეობა სესხებს იმისთვის კი არ იღებს, რომ მიწა დაამუშავოს, არამედ იმისთვის, რომ იმკურნალოს ან გადაუდებელი პრობლემები მოაგვაროს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქევყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია და საბანკო სექტორის სიჯანსაღე – დაბალი“.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და ორი – უცხოური ბანკის ფილიალით. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 80.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 9.8 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 12.7 მლრდ ლარი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა.