„ჩეხეთის ავიახაზები“ 2012 წლის პირველი ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს არ დატოვებს. ავიაკომპანიის გენერალური სააგენტოს დირექტორი მარიამ აბულაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „ჩეხეთის ავიახაზების“ ადგილობრივ ბაზარზე დარჩენის ვადები ამ დროისათვის არ არის განსაზღვრული.
„კომპანია საქართველოს ბაზრიდან გასვლას პირველი ივნისიდან გეგმავდა. ამ პროცესში ჩაერია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავად იმყოფებოდა პრაღაში. ის შეხვდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ტრანსპორტის მინისტრს. პროცესებში ჩართული იყო ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იასტრები,“ – ამბობს მარიამ აბულაძე.
კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ორი მინისტრის გააქტიურება „ჩეხეთის ავიახაზების“ საქართველოს ბაზრიდან გასვლის საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის გენერალური სააგენტოს დირექტორს პასუხი არ აქვს.
მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ჩეხეთის ავიახაზები“ ამ დროისათვის გაკოტრების რეჟიმშია, თუმცა ქართული მხარის მოთხოვნის გამო საქართველოს ბაზარზე მაინც დარჩა.
„კომპანია თბილისი–პრაღას“ მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს. ფრენები უვადოდ აღდგა,“ – ამბობს მარიამ აბულაძე.
2011 წლის ზაფხულამდე „ჩეხეთის ავიახაზები“ აერობუსის ტიპის თვითმფრინავით თბილისი–პრაღის მიმართულებით კვირაში 7 რეისს 80–პროცენტიანი დატვირთვით ასრულებდა.
“თებერვლიდან კომპანია 3 სიხშირეზე გადავიდა, ხოლო აპრილიდან კი 2 სიხშირით იფრენს,“ – ამბობს აბულაძე.
რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას საქალაქო სასამართლო „ჩეხეთის ავიახაზების“ გაკოტრების საქმეს განიხილავს.
„კომპანიის მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს კომპანია და მომხმარებლისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე დაიყვანოს“ – ნათქვამია კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც რუსულ „კომერსანტში“ დაიბეჭდა.
2011 წლამდე „ჩეხეთის ავიახაზები“ „ჯენერალ კონტენტ ჯგუფში“ შედიოდა.
2011 წლის 1 იანვრიდან კი ავიაბაზარზე როგორც დამოუკიდებელი ავიაკომპანია, ისე ოპერირებს. კომპანია ფრენებს „ბოინგ737–ით, 300–ით 700–ით და 800–ით ასრულებს.