საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლის მარტში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყანაში 39 680 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, 2012 წლის თებერვალთან შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი, ისე მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით 3,5 პროცენტით და 15.2 პროცენტით.
საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები, 2011 წლის მარტთან შედარებით, 23.1 პროცენტით და 30.0 პროცენტით არის შემცირებული. 2012 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 5 517, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 34 163 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი. 2012 წლის მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 86.1 პროცენტს მეორადი, ხოლო 13.9პროცენტს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ. 2011 წლის მარტში კი – 87.2 პროცენტი მეორად, ხოლო 12.8 პროცენტი პირველად ტრანზაქციებს ეკავა.
