ეკონომიკა

„ლაღიძის წყლების“ სიროფი ადგილობრივ ბაზარს ტოვებს

10 აპრილი, 2012 •
„ლაღიძის წყლების“ სიროფი ადგილობრივ ბაზარს ტოვებს

„ლაღიძის წყლების“ სიროფის პირველი პარტია რუსეთის ბაზარზე აპრილის ბოლოს გავა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის ნანა ჩახაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაღიძის წყლების ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება დასრულდება.

რუსეთში არსებული ტიხვინის ქარხანა, სადაც კომპანიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ლაღიძის სიროფით ლიმონათი უნდა ჩაიმოისხას, სიმძლავრეს ზრდის.

„ადგილობრივ ბაზარზე „ლაღიძის წყლების“ ნიშა დაბალია იმიტომ, რომ ლობისტი არ გვყავს მთავრობაში. ლაღიძის ესენციაზე მოთხოვნა არის რუსეთის ბაზარზე, სადაც კომპანია თვეში დაახლოებით 80 ტონა სიროფს გაიტანს,“– ამბობს ნანა ჩახაია.

მისი თქმით, „ლაღიძის წყლები“ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც რუსეთის ბაზარზე პროდუქცის ექსპორტის უფლება აქვს.    

„ჩვენ შევინარჩუნეთ სასაქონლო ნიშანი, რომელიც  მადრიდის კონვენციით ჟენევაში გვაქვს დამტკიცებული და პირდაპირ რუსეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ამიტომ გენადი ონიშენკომ და რუსეთის მთავრობამ  „ლაღიძის  წყლების“ ბაზრიდან გამოსაძევებლად ვერაფერი გააკეთა,“ – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ჩახაია ადგილობრივ ბაზარზე „ლაღიძის წყლების“ ნიშის ზრდას ვერ პროგნოზირებს:

„კომპანიას ჰქონდა ტარის პრობლემა. ახლა ლიმონათის ჩამოსასხმელად განკუთვნილი ტარა აზერბაიჯანიდან შემოვიტანეთ. თუმცა, რა რაოდენობის ლიმონათს ჩამოვასხამთ, არ ვიცი. დღეს ბაზარი დამოკიდებულია გასაღებაზე,“ – ამბობს ჩახაია. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც „ლაღიძის წყლები“ ადგილობრივ ბაზარზე ვერ უმკლავდება, ფალსიფიკაციაა. ჩახაია ამბობს, რომ კომპანიის სასაქონლო ნიშანს ფალსიფიკატორები იყენებენ:

„ლაღიძის წყლების სიროფები ადგილობრივ ბაზარზე აღარ გაგვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ კომპანიამ სიროფი მხოლოდ ექსპორტზე გაიტანოს. ადგილობრივ ბაზარზე გამოტანილი ჩამოსასხმელი ლაღიძის წყალი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფალსიფიცირებულია“.    

ჩახაიას თქმით, „ლაღიძის წყლების“ მენეჯმენტი ფალსიფიკაციას ამ მეთოდით დაუპირისპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი