ეკონომიკა

ჰიპერმარკეტებზე მორგებული კანონი

6 აპრილი, 2012 •
ჰიპერმარკეტებზე მორგებული კანონი

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) თავისუფლდება.

ცვლილება, რომელიც  სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემდგომ მიწოდებას, საწარმოო გადამუშავებამდე დღგ-სგან გათავისუფლდების მექანიზმს დაარეგულირებს, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შედის.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდება და შესაძლოა შემცირდეს კიდეც:  „საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიზანია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან (ჩათვლის უფლებით) გათავისუფლდეს არა მხოლოდ პირველადი, არამედ შემდგომი მიწოდების შემთხვევაში, საწარმოო გადამუშავებამდე. დღეს მოქმედ კანონმდებლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან თავისუფალია ჩათვლის უფლების გარეშე, მხოლოდ პირველად მიწოდებაზე“.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ადგილობრივი მეწარმეები დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ცვლილება ბაზარზე ფასების შემცირების კუთხით დიდ ეფექტს ვერ მოიტანს.  

შპს „აიკონ გრუპი“ აჭარაში სასათბურე მეურნეობას ფლობს. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე სამი წელია საქმიანობს. სათბურში პომიდორი და სალათის ფოთოლი მოჰყავთ.
კომპანიის ფინანსური მენეჯერი გია ლომინაძე  ამბობს, რომ მისი კომპანიის   პროდუქციის რეალიზაცია  დღგ-სგან ისედაც თავისუფალია და ეს საკანონმდებლო ცვლილება მისი პროდუქციის რეალიზაციაზე გავლენას არ მოახდენს: „ჩვენ ვახორციელებთ ბოსტნეულის პირველად მიწოდებას. ეს ცვლილება ხელსაყრელი  პროდუქციის გადამყიდველისათვის იქნება“.

ლომინაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება ჰიპერმარკეტებს შეეხებათ: „ეს კანონი იმუშავებს გუდვილის და პოპულის შემთხვევაში. როცა ეს ჰიპერმარკეტი იყიდის ჩვენს პროდუქციას, დამატებითი ღირებულების გადასახადს აღარ დაარიცხავს, რაც პროდუქციის ფასს სავარაუდოდ 18 პროცენტით შეამცირებს“.

ქამა სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდი“ ადგილობრივ ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. „თეთრი ქუდის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე მაისურაძე ამბობს, რომ  კომპანიას ბაზრის 90 პროცენტი უკავია. „თეთრ ქუდს“ პროდუქცია ექსპორტზე სომხეთში გააქვს. იგეგმება სოკოს იმპორტირება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც.  
ალექსანდრე მაისურაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება  „თეთრი ქუდის“ პროდუქციას 18 პროცენტით გააიაფებს: „საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, პროდუქციას მაღაზიებში რომ შევიტანთ, დღგ-ს აღარ გადაიხდის მაღაზია და მაგის ხარჯზე ჩვენი პროდუქცია გაიაფდება. ეს ცვლილება ძირითადად გავრცელდება “ნიკორას“, „ნუგეშის“, „გუდვილისა“ და „პოპულის“ ქსელის მაღაზიებზე, რომლებიც  დღგ-ს გადამხდელები არიან. სავაჭრო ობიექტები ავტომატურად, თავისი რენტაბელურობის მარჟის ზემოდან არიცხავდნენ დღგ-ს მათ ქსელში შეტანილ პროდუქციას. უხეში გათვლებით, სავაჭრო ქსელებში 10-ლარიანი პროდუქტი 2 ლარით გაიაფდება,“ _ ამბობს ალექსანდრე მაისურაძე.  

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ადგილობრივ ბოსტნეულზე ფასების შემცირებას პროგნოზირებს კომპანია „გუდვილის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჩარკვიანი: „ჩვენი პროფილის კომპანიებისათვის ეს საკანონმდებლო ცვლილება მისაღებია. როგორც კი დღგ-ს გადახდა არ მოგვიწევს, ეს ეგრევე აისახება ფასში. დამატებითი ღირებულების გადასახადი დამატებითი ხარჯი იყო  ჩვენთვის.   ბოსტნეულის პირველად მიწოდებაზე ამ გადასახადის გაუქმების შედეგად   მომხმარებელი იხეირებს. განვთავისუფლდებით ამ ვალდებულებისაგან და 18 პროცენტით გაიაფდება პროდუქცია.“  

ექსპერტების შეფასებით, კარგია, როცა  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება, თუმცა ეს ბაზარზე ფასის მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს.

აგრარიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ „სოფლის მეურნეობის პროდუქტები 18 პროცენტით გაიაფდება მხოლოდ მათთვის, ვინც ამ პროდუქტს სუპერმარკეტში ყიდულობს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ბოსტნეულს ბაზრებში ყიდულობს. ეს ცვლილება მაინც  მისასალმებელია, რადგან ამან შესაძლოა, აგრარული მეურნეობების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. სასურველი იქნება, თუ მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გადამამუშავებელ მრეწველობასაც გაათავისუფლებს ან დღგ-ს 10 პროცენტით მაინც შეუმცირებს. მაშინ ეფექტი გაცილებით მაღალი იქნება“.

კოღუაშვილის თქმით, 100 000 ათასამდე ბრუნვის მქონე მეურნეობები დღგ-ს გადასახადისგან ისედაც თავისუფალნი არიან. სასოფლო-სამეურნეო წარმოებების ძირითადი ნაწილი ამ დიაპაზონში ხვდება. „ძალიან მცირეა იმ მსხვილი ფერმერული მეურნეობების წილი, რომლებიც ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების გარეშე მიწოდებას ახორციელებენ და ეს შეღავათი შეეხება“- ამბობს კოღუაშვილი.  

ბოსტნეულის პირველად მიწოდებაზე მსხვილი სავაჭრო ქსელის მეპატრონეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადს აღარ გადაიხდიან. რა მოცულობის შემოსავალი დააკლდება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილს, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროში გათვლები არ აქვთ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია ამბობს, რომ დანაკლისი დიდი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი