ეკონომიკა

თბილისში ZARA-ს მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება

5 აპრილი, 2012 •
თბილისში ZARA-ს  მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება

ZARA
ZARA

თბილისში “ZARA”-ს პირველი  მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება. 7 აპრილიდან მომხმარებელს შეეძლება,  თბილისში მსოფლიო ბრენდის პროდუქცია შეიძინოს.

ZARA  ქართულ ბაზარზე კომპანია Inditex-ის ოფიციალურ წარმომადგენლს, AIHokair ჯგუფს შემოჰყავს.  

კომპანიის განცხადებით,  “ZARA”-ს  თბილისის მაღაზიაში კოლექცია  ყოველკვირეულად განახლდება, ხოლო ფასები მსოფლიო ბაზრის იდენტური იქნება.

“ZARA”-ს პირველი  მაღაზია  აღმაშენებლის ხეივანში, თბილისის მოლში 2000 კვ/მ-ზე განთავსდება და 70 ადამიანი დასაქმდება.  თბილისის მოლის გარდა, “ZARA”-ს მაღაზიის გახსნა თბილისის ცენტრალურ უბანსა და ბათუმში იგეგმება.

“ZARA”-ს პროდუქციის შეძენა თბილისში აქამდეც იყო შესაძლებელი, თუმცა დღემდე ამ ბრენდის სახელის ქვეშ უსისტემოდ შემოტანილ კოლექციებს არაოფიციალური წარმომადგენლები რეალურ ფასებთან შედარებით გაცილებით ძვირად ყიდდნენ.

არაოფიციალურად შემოტანილი ბრენდის პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიებზე “ZARA”-ს ოფიციალური შემომყვანი კომპანიის პიარ-მენეჯერი, სალი მაჭავარიანი ამბობს, რომ “მაღაზიებს, რომლებიც არაოფიციალურად/არალეგალურად იყენებდნენ ბრენდის სახელს, ბრენდის ოფიციალურად შემოსვლის შემდგომ აღარ ექნებათ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის საშუალება. მსგავს წვრილ მაღაზიებს იგი კონკურენციას გაუწევს როგორც კოლექციით, ასევე მისი მრავალფეროვნებითა და ფასებით.”

ZARA  დღეისათვის მსოფლიოს 78 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ძირითადად საშუალო დონის მომხრებლებისთვისაა განკუთვნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი