ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდა

5 აპრილი, 2012 •
ფინანსთა მინისტრი: საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის თქმით, 2011 წლის განმავლობაში შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან:

“გაიზარდა ასიგნებები ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული განვითარების სექტორში”.

დიმიტრი გვინდაძემ დღეს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა. მისივე თქმით, 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5 მილიარდი ლარით გაიზარდა, მშპ-ს რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა; მთლიანი სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი 2011 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებაში 36.7% იყო, ხოლო საგარეო ვალის მაჩვენებელი – 29%; შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და მშპ-სთან მიმართებაში 3.6% შეადგინა.

2011 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული იქნა 7 მილიარდ 437 მილიონი ლარი, აქედან საგადასახადო შემოსავლების სახით – 5 მილიარდ 802 მილიონი ლარი; გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 7 მილიარდ 459 მილიონ 300 ათასი ლარი.

გვინდაძის განცხადებით, 2011 წელს პრიორიტეტული იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც გაიზარდა 69.2 მილიონი ლარით და შეადგინა 1 მილიარდ 641 მილიონი ლარი.

2011 წელს განხორციელდა ასაკით პენსიონერებისა და პირველი კატეგორიის ინვალიდების პენსიის 20 ლარით ზრდა. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართა 987.3 მილიონი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე და მათ სამედიცინო დაზღვევაზე – 277.2 მილიონი ლარი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 27.4 მილიონი ლარით და, ჯამში, შეადგინა 552.5 მილიონი ლარი. სერთიფიცირებულ მასწავლებლებს გაეზარდათ ხელფასი 25%-ით, აშენდა 5 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 საჯარო სკოლას.

2011 წელს საგზაო ინფრასტრუქტურაზე მიმართული იყო 580.8 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად – 74.2 მილიონი ლარი.

გვინდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსება 2011 წელს 4-ჯერ გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი