2012 წლის 1 აპრილიდან ელექტრონული ზედნადებების შემოღებამ პროდუქტის გამავრცელებელ და მიმწოდებელ კომპანიებს პრობლემები შეუქმნა. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდი www.rs.ge, სადაც მეწარმეებმა პროდუქციის ბაზარზე გამოტანამდე ელექტრონული ზედნადები უნდა ატვირთონ, ორი დღეა შეფერხებით მუშაობს.
ტექნიკური პრობლემის გამო სუპერმარკეტების ქსელში და სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს და პურპროდუქტების დეფიციტი უკვე შეიქმნა.
„ნეტგაზეთს“ სუპერმარკეტ „ვეჯინში“ განუცხადეს, რომ 1 აპრილს, როცა ელექტრონული ზედნადების გამოყენება სავალდებულო გახდა, პურპროდუქტები მაღაზიაში დაგვიანებით შევიდა. თამბაქოს დისტრიბუტორებმა კი ნაწარმი ელექტრონული ზედნადების გარეშე მაღაზიების ქსელში საერთოდ ვერ შეიტანეს.
შემოსავლების სამსახურის პრესამსახურის ხელმძღვანელი მაკა ფანქველაშვილი ამბობს, რომ www.rs.ge–ზე შექმნილი პრობლემა სისტემის გადატვირთვამ განაპირობა:
„დღეს ფინანასური დეკლარაციების შევსების ბოლო დღეა, თან ელექტრონული ზედნადებების სისტემაც ამოქმედდა და სისტემა გადაიტვირთა“.
მისი თქმით, ტექნიკური ხარვეზის გამო შემოსავლების სამსახური ერთი კვირის განმავლობაში ელექტრონული ზედნადების გამოუყენებლობისათვის მეწარმეების წინააღმდეგ საჯარიმო სანქციებს არ მიმართავს.
შემოსავლების სამსახურის პოზიციის მიუხედავად, მეწარმეები სავაჭრო ქსელში ელექტრონული ზედნადების გარეშე პროდუქციის გატანას დაჯარიმების შიშით ერიდებიან.
„უნივერსალური სადისტრიბუციო კომპანია“, რომელიც ბაზარზე კვების პროდუქტების დისტრიბუციას ახორციელებს, ორი დღეა გაჩერებულია.
„ჯერჯერობით ვერ ვახორციელებთ პროდუქციის გაყიდვას, რადგან ელექტრონული ზედნადებების შევსება ვერ მოვახერხეთ. პროდუქცია უკვე ორი დღეა, რაც ქსელში არ გაგვიშვია. www.rs.ge დღესაც ცუდად მუშაობს. თუ ელექტრონული ზედნადები ხვალაც ვერ გავაგზავნე, პროდუქციას ვერ გავიტანთ,“– განუცხადეს „ნეტგაზეთს“ „უნივერსალურ სადისტრიბუციო კომპანიაში“.
კომპანია „ალგეთი“ ადგილობრივ ბაზარზე კვერცხის წარმოებას და დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიის ფინანსისტი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის სისტემა გაუმართავად მუშაობს:
„დილით ზედნადებები ვერ გავუშვი და პროდუქციის მაღაზიების ქსელში გატანა დაგვიანდა. ჩვენს კომპანიას წარმოებაც აქვს და დისტრიბუციაც. ზედნადებების გარეშე პროდუქციას ქსელში ვერ გავიტანთ. ვიცით, რომ არის ჯარიმები, მაგრამ მისი მოცულობის შესახებ შემოსავლების სამსახურს ჯერ არ გავუფრთხილებივართ“.
კომპანია „ალგეთის“ ფინანსისტი ამბობს, რომ ელექტრონული ზედნადების სისტემა საკმაოდ მოქნილია, თუმცა რიგი პრობლემები მაინც არსებობს:
„ცუდია, რომ ზედნადებზე პროდუქციის მიმღების ხელმოწერა არ იქნება. მაღაზიამ რომ მითხრას, არ წამიღია კვერცხი, ამ შემთხვევაში, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. შეიძლება რომელიმე მაღაზიამ პროდუქციის მიღება ორმაგად ჩამითვალოს.“
კომპანიებში აცხადებენ, რომ ამ პრობლემების შესახებ შემოსავლების სამსახურში კონსულტაციისას ისაუბრეს, თუმცა განუცხადეს, რომ მსგავსი პრობლემები არ შეიქმნება.
კომპანია „ინტერ კომერსის“ ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ ელექტრონული ზედნადები საკმაოდ მოქნილი სისტემაა: 2 აპრილს ქსელი იყო გადატვირთული და საიტი ცუდად მუშაობდა. დღეს იყო ბოლო დღე ფინანსური დეკლარაციების წარდგენისა. ელექტრონული ზედნადების სისტემა ახლა დაინერგა და მდგომარეობა გამოსწორდება,“ – აცხადებენ კომპანია „ინტერკომერსში“.
სადისტრიბუციო კომპანია „კანტის“ ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ თუ სისტემამ შეფერხებით იმუშავა, ბაზარზე კვების პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება, რადგან ელექტრონული ზედნადების გარეშე პროდუქციას ქსელში არავინ არ გაიტანს:
„ჯერჯერობით სისტემა ცუდად მუშაობს, ალბათ, გაუმჯობესდება. რა ჯარმები იქნება დაკისრებული კანონის ფარგლებში, არ არის ცნობილი, მაგრამ ელექტრონული ზედნადების გარეშე ვერავინ იმუშავებს. 2012 წლის 1 აპრილიდან ამის უფლება არ გვაქვს,“ – აცხადებენ „კანტში“.
ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო 1-ელი აპრილიდან გახდა. შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზურაბ სოხაძის განცხადებით, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენების დანერგვით შესაძლებელი გახდება საქონლის მოძრაობის სრული სიზუსტით აღრიცხვა.
ელექტრონული ზედნადების შევსება სავალდებულოა საქონლის მიწოდების შემთხვევაში. ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების წესი დეტალურადაა გაწერილი www.rs.ge–ზე. ზედნადების შევსების შემდეგ ხდება მისი გააქტიურება ტრანსპორტირების დროის მითითებით. ამის შემდეგ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა.
ამ სავალდებულო ღონისძიების გამო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის კომპანიას კომპიუტერისა და ინტერნეტის აუცილებლობა წარმოექმნა. საქონლის ტრანსპორტირების დაწყებამდე აუცილებელია შემოსავლების სამსახურის პორტალზე მოხდეს სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად შევსება და შესაბამისი ნომრის მინიჭება.
საკანონმდებლო ცვლილებამდე სასაქონლო ზედნადები ტვირთის თანმხლები დოკუმენტი იყო, რომელიც მის მიზნობრიობას ამტკიცებდა.




