ეკონომიკა

პირველი საინვესტიციო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

30 მარტი, 2012 •
პირველი საინვესტიციო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კავკასიაში მცირე ბიზნესს უჭერენ მხარს. კავკასიის განვითარების საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია(რომელიც სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  გასცემს)  სასტუმრო რედისონში შედგა. ფონდის სათაო ოფისი თბილისში განთავსდება. ფონდიდან დაფინანსებას კი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესები მიიღებენ, რომელთა წლიური ბრუნვა ეროვნულ ვალუტაში 15 მილიონს არ აღემატება.

„ჩვენ მოვახდენთ ინვესტირებას ისეთ კომპანიაში, რომელთა  ბრუნვაც 15 მილიონ ლარზე ნაკლებია და დასაქმებულთა რაოდენობა – 250– ზე ნაკლები“ –ამბობს ფონდის პარტნიორი მმართველი ესბენ ემბორგი.

კავკასიის განვითარების ფონდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან პირველ ეტაპზე 42 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს.  კავკასიის საინვესტიცო ფონდში ინვესტიციებს ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითრების ბანკი, საერთაშორისო  საფინანსო კორპორაცია, ნიდერლანდების განვითრების ბანკი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი განახორციელებენ.

ფონდის პარტნიორი მმართველის ესბენ ემბორგის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ფონდში 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. შემდგომში კი ფონდის გაზრდა 70 მილიონ აშშ დოლარამდე იგეგმება. 

„საქართველოში იოლი იქნება ინვესტირების განხორციელება. ფონდის დაფინანსების ფოკუსი სამეწარმეო საქმიანობა და აგრობიზნესი იქნება. რადგან ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული, ამიტომ  პატარა პროექტები განხორციელდება. ისეთი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები და უძრავი ქოენბა ძალიან დიდ კაპიტალთან არის დაკავშირებული,“ –განუცხადა „ნეტგაზეთს“EBRD –ის დირექტორმა  (კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში)  პოლ ჰენრი ფორესტიერმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (ევროპისა და ცენტარლური აზიის დეპარტამენტის) დირექტორი ტომაშ ტელმას განცხადებით, მისი ორგანიზაცია ფონდში 10 მილიონი დოლარის ინვეტირებას მოახდენს:  „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქეყანაში.   მისი ძირითადი მიზანია კაპიტალდაბანდების წახალისება მცირე საწარმოების განვითრებისათვის. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ბანკები გაძლიერდნენ. თუმცა აუცილებელია  ქვეყანაში კერძო კაპიტალდაბენდებების სექტორის წახალისება იმისთვის, რომ აქცენტი გავაკეთოთ მცირე საწარმოების განვითერბაზე,“ –ამბობს  ტომაშ ტელმა.  

კავკასიაში საინვესტიციო ფონდს ანალოგი არ აქვს. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია ამბობს, რომ  ფონდში ინვესტირებული კაპიტალი მცირეა და ბიზნესაქტივობას ვერ გამოიწვევს.  

„ ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზეა გათვლილი. ამ სფეროსთვის ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსები ნაკლებად ხელმისაწვდომია,“– ამბობს პერტაია.

მისი თქმით,  ფონდი მცირე და  საშუალო ბიზნესში დიდ ძვრებს არ მოახდენს, მაგრამ საინტერესო ინიციატივაა, რადგან ინვესტირება მხოლოდ იმ კომპანიებში განხორციელდება, რომელთა ბრუნვაც  15 მილიონ ლარზე ნაკლებია. „საქართველოს შემთხვევაში 10– მილიონიანი ბრუნვაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ კომპანიას ბანკი არ მისცემს კრედიტს, მას  საინვესტიციო ფონდი დააფინანსებს. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ფონდს შეუძლია კომპანიის კაპიტალში შევიდეს,“  – ამბობს პერტაია.  

რამდენად ეფექტური იქნება ფონდის საქმიანობა, პროგნოზების გაკეთება ბიზნესომბუდსმენს უჭირს: „მთავარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ. ბანკებს ბიზნესის დასაფინანსებლად აქვთ მკაცრი შეზღუდვები. ფონდსაც თუ რისკების შეფასების იგივე სქემა ექნება, მაშინ ფონდი ბანკებისაგან განსხვავებული ვერ იქნება. თუ რისკების  შეფასების დაბალი კრიტერიუმები იქნება, მაშინ შეუძლია დააფინანსოს ისეთი ბიზნესები, რომელთაც ბანკი ვერ აფინანსებს“ – ამბობს გიორგი პერტაია.  

ფონდის საქმიანობიდან ეფექტურ შედეგს ელოდება კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი: „ფონდი, სესხების გაცემის გარდა, ბიზნესის კაპიტალშიც შედის, რაც თავისთავად  შეამცირებს სესხის მოცულობას. თუ იქნება ამ ტიპის ფონდების ბევრი ალტერნატივა, ქვეყანაში საფონდო ბირჟაც განვითარდება.“

რა პროცენტში გასცემს ფონდი ბიზნესისთვის სესხებს და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ბიზნესკომპანიებს, ფონდის მმართელ პარტნიორ ესბენ ემბორგს პასუხი ჯერ არ აქვს. ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია კი ამბობს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრის კრიტერიუმები ნათლად არ არის ჩამოყალიბებული.    

მასალების გადაბეჭდვის წესი