ჯიმ სკინერი „მაკდონალდსში“ 40 წლიანი საქმიანობის შემდეგ გადადგა. სკინერის განცხადებით, ის დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.  სწრაფი კვების ქსელის ახალი ხელმძღვანელი დონ ტომპსონი გახდება, რომელიც მანამდე კომპანიის ოპერაციების განხორციელების დირექტორად მუშაობდა.

სკინერი კორპორაციას სათავეში 2004 წელს ჩაუდგა. ეს „მაკდონალდსის“ საქმიანობის საუკეთესო წლები იყო. სწრაფი კვების ქსელს შეუძლია, იტრაბახოს მიღწევებით.

სკინერმა კარიერა „მაკდონალდსში“ 1971 წელს მენეჯერ–სტაჟორის პოზიციაზე დაიწყო. მანამდე, 10 წლის განმავლობაში აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებში მსახურობდა. კორპორაციის გენდირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე სკინერი „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელს აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში მართავდა.

„მაკდონალდსის“ კორპორაციის გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობა არ იყო ადვილი. კომპანიის საკვების შემცველობას მუდმივად აკრიტიკებდნენ მედიკოსები და ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.

„მაკდონალსის“ ყოფილი ხელმძღვანელის მთავარ დამსახურებად კომპანიის ქსელის გაფართოებას ასახელებენ. ამ დროისათვის ქსელი მსოფლიოში 33 500 რესტორანს ითვლის. სკინერის დროს „მაკდონალდსში“ მრავალფეროვანი გახდა მენიუ და გაიზარდა სამუსაო საათები.

სკინერის ხელმძღვანელობისას კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი, 2004 წელთან შედარებით, 42 პროცენტით გაიზარდა და 28,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2011 წლის მონაცემებით, კომპანიის სუფთა მოგება 5,5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. რაც 2010 წლის მაჩვენებელს 500 მილიონი დოლარით აღემატება. „მაკდონალდსის“ აქციების ფასი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ერთი ცალის ფასი 100 დოლარს გაუტოლდა. კომპანიის ფასი 100 მილიარდი დოლარია.         

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *