ეკონომიკა

კიდევ ერთი აზერბაიჯანული ბანკი საქართველოს ბაზარზე

26 მარტი, 2012 •
კიდევ ერთი აზერბაიჯანული ბანკი საქართველოს ბაზარზე

აზერბაიჯანული Pasha Bank-ი თბილისში ბანკის ფილიალს 2012 წლის მესამე კვარტალში გახსნის. Pasha Bank–ის წარმომადგენელი საქართველოში ანარ ისმაილოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანული ბანკის ფილიალის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კლიენტების მხრიდან გაჩენილმა მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ბანკები, ძირითადად, თავიანთი კლიენტების მოთხოვნაზე არიან ორიენტირებულნი. ახლა აზერბაიჯანში საკმაოდ ბევრი კომპანიაა, რომლებსაც ფილიალები სქართველოში აქვთ. ჩვენ მათ ფიანანსურ ინტერესებს წარმოვადგენთ. თანაც საქართველოს ბაზარზე ბანკებს შორის კონკურენცია საკმაოდ მძაფრია და ეს გამოცდილება ჩვენთვის სასარგებლო იქნება,“– ამბობს ანარ ისმაილოვი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Pasha Bank–მა ჯერ მხოლოდ წარმომადგენლობის გახსნის უფლება მიიღო. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სებ-ში Pasha Bank-ის განაცხადი უკვე შევიდა. ბანკის თბილისის წარმომადგენლობა რეორგანიზაციის პროცესშია.

Pasha Bank–ი აზერბაიჯანის ბაზარზე 2007 წელს შევიდა. მას ლიცენზია აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მისცა. ბანკი Pasha Holding–ის შემადგენლობაშია, რომელიც საინვესტიციო კომპანიაა და არა კლასიკური ჰოლდინგი. Pasha Group–ის შემადგენლობაში შედის Kapital Bank–ი რომელშიც 99,75 პროცენტი ჰოლდინგის წილია.

ბანკის აქციებში წილობრივი მონაწილეობა ასე ნაწილდება: Pasha Holding–ს ეკუთვნის  ბანკის აქციების 60 პროცენტი, კომპანია ADOR ltd–ს – 40 პროცენტი, ხოლო 10 პროცენტი არიფ პაშაევს ეკუთვნის.

საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანული ბანკი „პაშა ბანკ ჯორჯიას“ სახელწოდებით დაიწყებს ოპერირებას. ბანკის თბილისის წარმომადგენლობამ თანამშრომლების აყვანის შესახებ ინტერნეტსაიტებზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

ანარ ისმაილოვის თქმით, „პაშა ბანკ ჯორჯიას“ ძირითადი სამიზნე მომსახურების სექტორის დაფინანასება და მსხვილი კაპიტალდაბანდებების განხორციელება იქნება. ბანკი მომხმარებელს ხარისხიან სერვისს შეთავაზებს.

საქართველოს ბაზარზე ორი აზერბაიჯანული ბანკის ფილიალი ოპერირებს.

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი” (საქართველო) ადგილობრივ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წლის იანვარი მან 142 000 ლარის მოგებით დაასრულა. 2011 წლის ბოლოს კი ბანკის მოგება 1,3 მლნ ლარით განისაზღვრა. ბანკის აქტივები 2012 წლის პირველი თებერვლისთვის 123 მლნ ლარია. საბაზრო წილი 1%-ით განისაზღვრება. ბანკის დამფუძნებლები არიან: “აზერბაიჯანის ინდუსტრიული ბანკი” – 12,5 პროცენტი, “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი” – 75 პროცენტი და ფიზიკური პირი – 12,5 პროცენტი.

ბაზრის უფრო მცირე სეგმენტი უკავია აზერბაიჯანული „კავკასიის განვითარების ბანკის“ თბილისის ფილიალს. სებ-ის ინფორმაციით, ბანკის მიერ 2011 წელს გაცემული სესხის მოცულობამ 1,794 მლნ ლარი შეადგინა.

“ჯორჯიან ბიზნეს&პოლითიქალ ინსაითის” ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანული ბანკების გააქტიურებას ორ ქვეყანას შორის მზარდ სავაჭრო ურთიერთობებს უკავშირებს:

„ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული ინვესტიციები იზრდება საქართველოში, ვაჭრობაშიც მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. არის რამდენიმე ქართულ –აზერბაიჯანული მასშტაბური პროექტი – რკინიგზა, ნავთობის ტერმინალი, საუბარია ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ერთობლივი კომპანიის შექმნაზე. პროექტებში მონაწილეობა საინტერესოა აზერბაიჯანული ბანკებისთვისაც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი