ეკონომიკა

„ქრისტიან–დემოკრატები“ ფიქსირებული გადასახადის შესახებ

26 მარტი, 2012 •
„ქრისტიან–დემოკრატები“  ფიქსირებული გადასახადის შესახებ

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლები – ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და ჯაბა სამუშია –შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯაბა ებანოიძეს შეხვდნენ.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა “ქრისტიან-დემოკრატებთან” სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ცვლილებები მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება და თონეებისა და სილამაზის სალონებისთვის ფიქსირებული 50-ლარიანი გადასახადის დაწესებას გულისხმობს.

ჯაბა ებანოიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფიქსირებულ რეჟიმზე გადასვლით სილამაზის სალონებისა და თონეების მფლობელებს ეძლევათ საშუალება, აღარ აწარმოონ ბუღალტერია და, შესაბამისად, აღარ ექნებათ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები 100 000-ლარიან ბრუნვასაც რომ ასცდნენ, ისინი დღგ-ს არ გადაიხდიან.

სალონებისათვის და თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადის  შემოღებას დადებითად აფასებენ „ქრიტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წევრები.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ  შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეხვედრის შემდეგ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “მცირე ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადი ნიშნავს, რომ აღარ აწარმოონ ბუღალტერია და აღარ გამოიყენონ სალარო აპარატები. მთავრობის დადგენილება ძალაში უკვე შევიდა. თუ ბიზნესს ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლა არ მოუნდება, მათ შეუძლიათ გადასახადები ძველ რეჟიმში გადაიხადონ.“

ვეფხვაძის თქმით, თუ მცირე მეწარმეები ფიქსირებული გადასახადის რეჟიმზე გადავლენ, შემოსავლების სამსახური მათ სალარო აპარატის გაყიდვაში დაეხმარებათ.

შემოსავლების სამსახურში შეხვედრის დასრულების შემდეგ”ქრისტიან-დემოკრატები” სალონებისა და თონეების მფლობელებს  შეხვდებიან და ფიქსირებული გადასახადის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი