ეკონომიკა

სემეკი ჩართვის ტარიფს აგვისტოში გადახედავს

23 მარტი, 2012 •
სემეკი ჩართვის ტარიფს აგვისტოში გადახედავს

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ენერგოკომპანიების მიერ დავალიანების გამო გათიშული აბონენტების ჩართვის ტარიფს აგვისტოში გადახედავს.

2011 წლის 1 აგვისტომდე აბონენტების ჩართვის საფასური 50 თეთრს შეადგენდა. სემეკის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, კომპანიებმა კომისიას ჩართვის ტარიფის ზრდის მოთხოვნით 2011 წლის ზაფხულში მიმართეს: „მათ წარმოადგინეს გაანგარიშება, თუ რამდენი აბონენტის ჩაჭრა–აღდგენა მოახდინეს ერთ წელიწადში და, შესაბამისად, რა ხარჯი გასწიეს და რა შემოსავალი მიიღეს“.

ჩალაგაშვილის ინფორმაციით, წარმოდგენილი გათვლების საფუძველზე, კომპანიებმა ჩართვის ტარიფის 5 ლარამდე გაზრდა მოითხოვეს. თუმცა სემეკმა ტარიფი წარმოდგენილი ფინანსური გათვლების საფუძველზე, 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაზარდა.

„ტარიფის გაზრდის შედეგად თუ უფრო მეტი შემოსავალი აქვთ კომპანიებს, ვიდრე ხარჯი, ამ შემთხვევაში მოხდება  შემცირება. თუმცა ჩართვის ტარიფი  იმ დონემდე შევამცირეთ, რომ კომპანიებს მოგება არ ექნებათ,“– ამბობს ჩალაგაშვილი.

კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია ამბობს, რომ ჩართვის  2– ლარიანი ტარიფის შემთხვევაშიც, კომპანიის ხარჯები საკმაოდ მაღალია:

„კომპანიის ხარჯები არ შეესაბამებოდა ტარიფს. მივმართეთ კომისიას და მოვითხოვეთ გაზრდა. ახლაც გათიშული აბონენტის ჩართვაზე გაწეული ხარჯები საკმაოდ მაღალია.“

“ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი ამბობს, რომ გათიშული აბონენტის ჩართვის ტარიფი ამ სერვისზე გაწეული ხარჯების ადექვატურია, ამიტომ კომპანია ჩართვის ტარიფის გაზრდას აღარ მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი