ეკონომიკა

ხორცის ადგილობრივი წარმოება იმპორტმა ჩაანაცვლა

23 მარტი, 2012 •
ხორცის ადგილობრივი წარმოება იმპორტმა ჩაანაცვლა

ხორცი
ხორცი

საქართველოს ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ხორცის ფასი სტაბილურად მაღალია. აგრარულ ბაზარში ძროხის ახალი ხორცი 13-14 ლარი ღირს, ცხვრის ხორცი – 11-12 ლარი, ხოლო ღორის ხორცის ყიდვა 12-13 ლარადაა შესაძლებელი.

აგრარული ბაზრის ხორცით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ახალი ხორცის გაყიდვის მაჩვენებელი მაღალი ფასის გამო შემცირდა და მოთხოვნა იმპორტირებულ, გაყინულ ხორცზე გაიზარდა.  2011 წლის დეკემბრიდან ამ პროდუქტის ფასი 1,5–2  ლარით გაიზარდა. ღორის გაყინული ხორცის ფასი 7–8 ლარია, ხოლო ძროხის 8–9 ლარი.

კომპანია „ახალი პროდუქტი“ ადგილობრივი ხორცის ბაზარზე 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანიის  შესყიდვების სამსახურში აცხადებენ, რომ ღორის ხორცი ბრაზილიიდან შემოაქვთ. გაყინული ღორის ხორცის საბითუმო ფასი 5,3 და 5,4 ლარია. გასაყიდი ფასი დისტრიბუციის ხარჯზე იზრდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყინულ ღორის ხორცზე მოთხოვნა მზარდია.

„ახალ პროდუქტს“ ბაზარზე თვეში 25–26 ტონა გაყინული ღორის ხორცი გამოაქვს.
კომპანია „კანტი“ იპორტრებული ხორცის და ხორცპროდუქტების ბაზარზე ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანიის შესყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ ინდოეთიდან იმპორტირებული ხარის და ბრაზილიიდან შემოტანილი  ღორის ხორცი განსაკუთრებით კარგად ეყიდებათ. „კანტს“ ბაზარზე თვეში 28 ტონა ხარის და ღორის ხორცი გამოაქვს. განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნა ბაზარზე ნოემბრიდან იწყება და მაისამდე გრძელდება.

ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ხორცი კომპანია „იბერმით ჯორჯიას“  გამოაქვს და „ბრენდულ” მაღაზიებში ყიდის. კომპანიის გაყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ პროდუქტი მაღაზიებში ნატახტარის სასაკლაოდან შემოაქვთ და მისი ფასი  4 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე ადის.  ღორის ხორცის ფასი 13 ლარია. კომპანიას ორი საბითუმო და ოთხი ბრენდული მაღაზია აქვს.  გაყიდვების მაჩვენებელი ამ ქსელში, ჯამში, 200 კილოგრამია.

ადგილობრივი ხორცის წარმადობის ვარდნას და იმპორტის დაწინაურებას მოვაჭრეები ვეტერინარიის შესახებ კანონმდებლობაში 2011 წლის გაზაფხულზე შესულ ცვლილებებს უკავშირებენ.

გოგიტა ნიჟარაძე სამგორის აგრარულ ბაზარში ხორცით 10 წელია ვაჭრობს. მისი განმარტებით, უკვე წელიწადნახევარია, რაც საბითუმო წერტილებში ხორცის ასაღები ფასი გაიზარდა:

“ადრე 1 კგ ხორცს 7.5 ლარად ვყიდულობდით, ნატახტარში სასაკლაოს გახსნის შემდეგ კი მისმა ასაღებმა ფასმა 1,5 –2  ლარით მოიმატა“.

ადგილობრივი ხორცის ბაზარზე მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ვეტერინაარიის შესახებ“ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლა აუცილებელი გახდა. პროცედურის თანახმად, სასაკლაოზე ხდება ფორმა ნომერი ორის გაცემა, რაც იმას ადასტურებს, რომ საქონელი დაკვლამდე, ვიზუალურად დათვალიერებისას და დაკვლის შემდგომ, შინაგანი ორგანოების შემოწმების შემდეგ, ჯანმრთელია.  ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ხორცი სარეალიზაციოდ გადის.

თბილისის ბაზარზე, რომელიც 1,5 მილიონი ადამიანისაგან შედგება და საქართველოში ყველაზე დიდია, ხორცის შემოტანა ნატახტარის და თელეთის სასაკლაოდან ხდება, სადაც ერთი კილგრამი  ხორცის დამუშავება 1 ლარი ღირს. სასაკლაოს ასევე უფასოდ ეკუთვნის საქონლის შიგნეულობა, ფეხები, თავი და ტყავი.

ნატახტარის სასაკლაოს “იბერმით ჯორჯია” ფლობს. კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით ბარაბაძე განმარტავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაძვირება ხელოვნურად მოხდა და მისი კომპანია ფასწარმოქმნის პროცესს არ აკონტროლებს.

“ჩვენი მომსახურების პროცედურა ასეთია: მოწყობილი გვაქვს აგრარული ბაზარი სასაკლაოს ტერიტორიაზე, სადაც თავს იყრიან როგორც საქონლის გამყიდველები, ასევე მაღაზიების წარმომადგენლები. ისინი პირდაპირ, უშუალოდ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, ლაპარაკობენ ფასზე, ხარისხზე, შემდეგ უკვე საქონელი მოჰყავთ ჩემთან დასაკლავად. საქონლის შემოწმებაში, დაკვლაში, გადამუშავებაში, შენახვასა და დისტრიბუციაში, დღგ-ს ჩათვლით, კილოგრამზე ერთ ლარს ვიღებთ,“ – აცხადებს ბარაბაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში 55 139 200 ტონა ხორცის და ხორცპროდუქტების ( 76 824 300 აშშ დოლარის) იმპორტი განხორციელდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 62 989 700 ტონა (111 289 000 აშშ დოლარი) შეადგინა. საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტის კუთხით ლიდერი არაბეთის გაერთანებული საემიროებია, მეორე ადგილზეა არგენტინა, შემდეგ – აშშ, ბელგია, ბრაზილია და ინდოეთი.

გაზრდილი იმპორტის ფონზე მცირდება ადგილობრივი წარმოების მაჩვენებელი. 2010 წელს ადგილობრივი წარმოება, ხორცის წარმოების სეგმენტში, 56 000 ტონა იყო, 2010 წელს – 54 300 ტონა. სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი ხორცის წარმოება გაცილებით მაღალი იყო 2008 წელს – 57 300 ტონა და 2007 წელს –87 300 ტონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი