ეკონომიკა

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

21 მარტი, 2012 •
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

“ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” საქართველოს შრომის ბაზრის კვლევა წარმოადგინა. კვლევის პროცესში შესწავლილი იქნა საქართველოში ორ ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდზე – www.jobs.ge და www.HR.com.ge – განთავსებული განაცხადებები პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით; ასევე, კომპანიებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შედგენილი იქნა საქართველოს 30 კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, კვლევის დროს 2251 ვაკანსიის შესწავლა მოხდა, რომელიც აღნიშნულ საიტებზე 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე განთავსდა.

„ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამ პერიოდში დაფიქსირდა გაყიდვების მენეჯერზე – 235 ერთეული, მეორე პოზიციაზე არის  ბუღალტერი/ფინანსისტი  – 105 ერთეული, მესამეზე კი – დისტრიბუტორი – 98 ერთეული,“ – ამბობს ლექვინაძე.

ლექვინაძე „გაყიდვების მენეჯერის“ ვაკანსიაზე მზარდ მოთხოვნას ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს: „კომპანიებს აქვთ სურვილი, გაზარდონ გაყიდვები და მოძებნონ კადრი, ვინც ამ პროცესს კარგად გაუძღვება; მოთხოვნას განაპირობებს პროფესიონალების ნაკლებობა ბაზარზე, რაც ხშირად იწვევს კადრების გადინებას. ხდება ძველი კადრების გაშვება და ახლების მიღება. ანალოგიურია მსოფლიო ტენდენციაც, რაც კრიზული პერიოდით აიხსნება, როდესაც კომპანიების გაყიდვები შემცირებულია და ამ მოტივით ხშირად ცვლიან კადრებს,“ – ამბობს „ილაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარი.

კვლევამ აჩვენა, რომ  დასაქმებისათვის საკმაოდ მიმზიდველია საბანკო, ჯანდაცვის და ვაჭრობის სექტორი. საბანკო სექტორისთვის მოთხოვნადი ვაკანსიაა საკრედიტო ექსპერტი. კვლევის საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა 89 ვაკანსიაზე გაჩნდა. განათლების სფეროში პედაგოგებისთვის  78 ვაკანსია გაჩნდა; მოთხოვნა იყო სამედიცინო/სავაჭრო წარმომადგენელის პოზიციაზე – 77 ვაკანსია, ვებ დიზაინერი/პროგრამისტებისთვის კომპანიებმა საიტზე 66 ვაკანსია განათავსეს; მოლარე/გამყიდველი/მაღაზიის მენეჯერისთვის  50 ვაკანსია გამოცხადდა. კომპანიებს ინჟინერის პოზიციაზე 46 ადგილი ჰქონდათ; დამლაგებელი/მუშა/ მძღოლის პოზიციაზე – 45, ხოლო მიმტანი/მზარეული/მცხობელის პოზიციაზე  40 ვაკანსია გამოცხადდა.

ყველაზე მეტი ვაკანსია კვლევის საანგარიშო პერიოდში საიტზე  საბანკო სექტორმა და სუპერმარკეტებმა გამოიტანეს. „კვლევის პერიოდში  ბანკი ,,კონსტანტას’’ მხრიდან სულ  76 ვაკანსია დაფიქსირდა, შემდეგ მოდის სუპერმარკეტების ქსელი ,,სმარტი’’ – 57, მესამეზე კი ,,სილქნეტი’’  – 41 ვაკანსიით,“ – ამბობს ლექვინაძე.

პედაგოგებს შორის მოთხოვნა ჭარბობს ინგლისურ ენის მასწავლებლებზე, ბევრ მათგანზე რეგიონშია ვაკანსია გამოცხადებული, უფრო ხშირად გადასამზადებელი ცენტრების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში.

სავაჭრო და სამედიცინო წარმომადგენლებზე მოთხოვნას ქსელური მარკეტინგით დაკავებული კომპანიები აფიქსირებენ. სამედიცინო და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საყიფაცხოვრებო პარფიუმერის გაყიდვებზე მუშაობენ.

პროგრამისტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ბიზნეს-კომპანიები დიდ ყურადღება უთმობენ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში კორპორატიული პროფილების ინტეგრირებას და განვითარებას. მზარდი ტენდენცია მთელ მსoფლიოში ფიქსირდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება.

დამსაქმებელთა ათეულში შედიან: საქართველოს უნივერსიტეტი – 29; იუსტიციის სახლი/სამინისტრო – 21; საქაერონავიგაცია – 15; აი პი ემ ტერმინალს (ფოთი) – 13; ნიკორა – 11; ევროპის სახლი და „ქეი ეს ბი ბანკი” – 10 ვაკანსია.

ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების ანალიზმა აჩვენა, რომ რეგიონების მიხედვით სამუშაო ძალაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა –78% თბილისზე ფიქსირდება. მეორე ადგილზეა იმერეთი – 5%,  შემდეგ აჭარა – 5%; სამეგრელო –3%; კახეთი – 3%; ქვემო ქართლი – 2%; გურია – 2%; სამცხე ჯავახეთი –1%. სამუშაო ძალაზე ყველაზე დაბალი მოთხოვნა შიდა ქართლშია – 1%.

კვლევამ აჩვენა, რომ  2011 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასების საერთო დონის ზრდა 11%–ით მოხდა და 761 ლარს გაუტოლდა. ხელფასების ზრდა 12 სექტორში გაიზარდა, ყველაზე მეტად უძრავი ქონების სექტორში –24%-ით, ჯანდაცვის, კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სექტორში – 15%–ით. ხელფასები შემცირდა სოფლის მეურნეობაში – 17%–ით და საფინანსო სექტორში 0,3%–ით.

კვლევის თანახმად, 2012 წლის 1 მარტისთვის  ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება საფინანსო სექტორში, კერძოდ, ბანკებში – საშუალოდ 1372 ლარი;  ყველაზე დაბალი ხელფასი – საშუალოდ 360 ლარი განათლების სექტორში პედაგოგებს აქვთ. სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა ხელფასი საშუალოდ 354 ლარია.

„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში რეალურად არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა. არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მათზე მოთხოვნა მაღალია.  ამავე დროს არსებობს ჭარბი მუშახელი, რომელიც დაუსაქმებელია,“– ამბობს ლექვინაძე.

მისი თქმით, დაუსაქმებელთა რაოდენობა 17%–მდეა, თუმცა მაღალია ,,იმედდაკარგული მუშახელის’’ რაოდენობა, რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს, რადგან არა აქვთ დასაქმების იმედი. საიტების დახმარებით, სამსახურს ძირითადად 22–დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი