საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, 2012 წლის ბოლომდე ყველა პენსიონერი დაზღვეული იქნება.
პრემიერის განმარტებით, 2012 წლის 1 სექტემბრიდან სადაზღვევო პოლისს 60 დან 65 წლამდე ქალები და 65 –დან 67 წლამდე მამაკაცები მიიღებენ. სადაზღვევო პოლისი 140–ლარიან პენსიაში შევა, საიდანაც სადაზღვევო პაკეტის წილი 15 ლარია.
„ონკოლოგიას სახელმწიფო აქამდე 75 პროცენტით აფინანსებდა. ახალ სადაზღვევო პაკეტში გადაუდებელი ოპერაციები 100 პროცენტით დაფინანსდება, სრულად დაფინანსდება ქვედა კიდურის მოტეხილობა და კატარაქტაა. გეგმიური ოპერაცია 15 ათასი ლარის ფარგლებში დაფინანსდება, ულიმიტო იქნება ინტენსიური თერაპია. ონკოლოგიური მკურნალობის ზღვარი 5 ათასი ლარიდან 12 ათას ლარამდე გაიზრდება“– განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პაკეტი ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრმა მაგდა ანიკაშვილმა გააკრიტიკა. ანიკაშვილის თქმით, ონკოლოგიური დაავადებებით უფრო ადრეულ ასაკში ავადდებიან, ამიტომ მთავრობამ ასაკობრივი ზღვარი უნდა დასწიოს.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ მთავრობა ამ ეტაპზე უკეთეს სადაზღვევო პაკეტს ვერ გამოიტანს. ასაკობრივი შეზღუდვა პოლისზე შენარჩუნდება.