ეკონომიკა

ყავის ქართულ ბაზარზე სომხური კომპანიები ლიდერობენ

19 მარტი, 2012 •
ყავის ქართულ ბაზარზე სომხური კომპანიები ლიდერობენ

ნიუ-იორ­კის ბირ­ჟა­ზე ორი დღის წინ ყა­ვა “არა­ბი­კას” მა­ი­სის ფი­უ­ჩერ­სე­ბი 2%-ით გა­ი­აფ­და და ფუნ­ტ­ზე 1,825 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2012 წლის და­საწყი­სი­დან ფი­უ­ჩერ­სე­ბი “არა­ბი­კა­ზე” სულ 19%-ით შემ­ცირ­და. “რო­ბუს­ტას” სა­ხე­ო­ბის ყა­ვა ლონ­დონ­ში 0,8%-ით გა­ი­აფ­და და ტო­ნა­ზე 2033 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. „Rabobank International“-ის პროგ­ნო­ზით, 2012 წელს ბრა­ზი­ლი­ა­ში ყა­ვის წარ­მო­ე­ბა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წევს, რაც ნედლეულის ფასის შემცირებაზე აისახება. ბრა­ზი­ლი­ა­ში წელს 57 მლნ ტო­მა­რა ყა­ვის მო­სა­ვალს მი­ი­ღე­ბენ. 2011 წელს მიღებულმა მოსავალმა 48,5 მლნ. ტო­მა­რა ყა­ვის მარ­ც­ვა­ლი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები საქართველოს ბაზარზე არ ასახულა. ფასის მიუხედავად, ყავა ადგილობრივ ბაზარზე კვლავ  მოთხოვნადი პროდუქტია.

საქართველოში ყავის იმპორტი იზრდება. „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში 2011 წელს 13,113 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ყავის იმპორტი განხორციელდა, რაც 33%–ით აღემატება 2010 წლის მონაცემს. 2010 წელს 9,858 მლნ. აშშ დოლარის, 2009  წელს კი 10,311 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ყავის იმპორტი განხორციელდა. საქართველოში ყავა სომხეთიდან, თურქეთიდან და მცირე ნაწილი ევროპიდან შემოდის. ყავის იმპორტი ხორციელდება ბრაზილიიდან და ინდოეთიდან.

საქართველოში ყავის იმპორტს 15 მსხვილი კომპანია ახორციელებს.

კომპანია „ექსპრესო ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე ყავის სეგმენტში 2005 წლიდან ოპერირებს.

„ექსპრესო ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვაჟა ჩხეიძე ამბობს, რომ საქართველოში ყავის ბაზარი სპეციფიკურია და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები აქ გვიან აისახება: „მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასის შემცირების მიუხედავად, ჩვენთან ფასის მცირედი ცვლილება 2012 წლის მაისშია მოსალოდნელი. ახლა საქართველოში ყავის ფასი პიკზეა, რაც ბაზარზე არსებული მდგომარეობით არის გამოწვეული.“

„ექსპრესო ჯორჯიას“ ყავის მარცვალი ინდონეზიიდან და შვეიცარიიდან  შემოაქვს: „გაყიდვაში მაქვს ბრაზილიური სანტოსი, ჰოლანდიური და ინდური არაბიკა. საბითუმო ფასი 100– გრამიან შეფუთვაზე 1,5 ლარია,“ –ამბობს ვაჟა ჩხეიძე. კომპანიას ბაზარზე ბრაზილიური „სანტოსის“ და ინდონეზიური „რობუსტას“ ყავის მარცვალიც გამოაქვს.

10– კილოგრამიან  შეფუთვაში ყავის მარცვალი  „რობუსტას“ ფასი  75 ლარია. დაფქულის ფასი კი 80 ლარს უტოლდება.  „ექსპრესო ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მის კომპანიას ბაზარზე პატარა ნიშა უკავია, ლიდერის პოზიციები აქვთ სომხურ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე „რიო გრანდეს“ ბრენდს ყიდიან. ვაჟა ჩხეიძის განმარტებით, მისი კომპანია წელიწადში 26 კონტეინერ ყავას ყიდის, თითო კონტეინერის მოცულობა 18 ტონაა.

სომხური ბრენდი  „რიო ვერდე“ ბაზარზე  კომპანია „მაკროს“ შემოაქვს. კომპანიის  დამფუძნებელი გოჩა სტურუა ამბობს, რომ მისი  კომპანია ყავის იმპორტს სომხეთიდან და თურქეთიდან ახორციელებს. 100– გრამიან შეფუთვაში ყავის საბითუმო ფასი  80 თეთრია. მაღაზიებში დისტრიბუციის შედეგად ყავის ფასი 1 ლარამდე იზრდება. კომპანიას ბაზარზე მხოლოდ დაფქული ყავა გამოაქვს.

გოჩა სტურუა საქართველოს ბაზარზე ყავის ფასის შემცირებას იმ შემთხვევაში პროგნოზირებს, თუ ადგილობრივი წარმოება განვითარდება.  „ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ ყავის იმპორტს სომხეთიდან, მაგრამ ახლა სომხეთიდან თბილისში ყავის გადამამუშავებელი  ქარხანა გადმოგვაქვს. ნედლეულს ინდონეზიიდან შემოვიტანთ. ადგილზე ვაწარმოებთ ქართულ ყავას. ქარხანა, სავარაუოდოდ,  სექტემბრისთვის გაიხსნება,“– ამბობს გოჩა სტურუა.

მისი თქმით, კომპანიის ნიშა ბაზარზე იზრდება.

ყავის ბაზარზე დემპინგურ ფასებსა და არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს ბიზნესჯგუფი „ლაქშარ გრუპი“. მისმა წარმომადგენელმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ მათ საქართველოში ყავის ბიზნესი არაჯანსაღი ბიზნესგარემოს გამო შეაჩერეს:

„ბაზრიდან ცუდი ბიზნესგარემოს გამო გავედით. სამწუხაროდ, ყავის ხარისხი არ მოწმდება და იმიტომ შემოდის ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქცია  ბაზარზე. ყავის იმპორტს  სომხეთიდან და თურქეთიდან ვახორციელებდით, საკმაოდ  დიდი ნიშა გვეკავა ბაზარზე, მაგრამ გამოჩდნენ კომპანიები, ვისაც უხარისხო ყავა დაბალ ფასში შემოაქვს. ამდენად, ბაზარზე ყოფნას აზრი არ აქვს“.

„მარკოს“ დამფუძნებლის, გოჩა სტურუას მოსაზრებით, ყავის ბაზარზე მოთამაშე  იმპორტიორი კომპანიები პოზიციებს იმიტომ თმობენ, რომ კონკურენციას ვერ უძლებენ.

კომპანია „ექსპრესო ჯორჯიას“ დამფუძნებელის ვაჟა ჩხეიძის განმარტებით კი, იმ იმპორტიორების პოზიციები, რომელთაც ყავა სომხეთიდან შემოჰქონდათ, შესუსტდა. რიგი მოთამაშეები კი ბაზრიდან არაჯანსაღი კონკურენციის გამო წავიდნენ. მისი თქმით,  ხარისხიანი ყავის ფასის შემცირება მაღალი საბაჟო განაკვეთების გამო ვერ ხერხდება.

2009 წლიდან ყავის მოხალული მარცვლები და მატონიზირებული ჩაის იმპორტი 12– პროცენტიანი საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოექცა. პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადით საბაჟო გადასახადის დარიცხვის შემდეგ იბეგრება, ანუ ღირებულების 12%-ს კიდევ მისი დღგ ემატება. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ საქართველოში ყავა გაძვირდა. ვაჟა ჩხეიძის განმარტებით, მისი კომპანია გაძვირების პირველი ტალღის შემდეგ  ყავის ფასს ინარჩუნებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია მძაფრია და რიგი მოთამაშეები გარკვეული შეღავათებითაც სარგებლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი