ტაილანდში მსოფლიოში ერთ–ერთი პოპულარული ენერგეტიკული სასმელის შემქმნელი ჩალეი იუვიდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას „ბანგკოკ პოსტი“ ავრცელებს.
„რედ ბულის“ შემქმნელი ბანგკოკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2012 წელს „ფორბსმა“ ის ტაილანდში ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში დაასახელა. მისი ქონება 5 მილიარდი დოლარია.
ჩალეი იუვიდის კომპანიამ 1970 წელს ენერგეტიკული სასმელი „წითელი ხარი“ გამოუშვა, რომელიც კოფეინს და ვიტამინებს შეიცავს. ეს სასმელი განსაკუთრებული პოპულარობით მძღოლებში და მუშათა კლასში სარგებლობდა.
1980 წელს, ტაილანდში ვიზიტისას, ცნობილმა ავსტრიელმა მეწარმემ დიტრიხ მატეშიცმა „წითელი ხარი“ გასინჯა, რის შემდეგაც ჩალეი იუვიდის ერთობლივი კომპანიის შექმნა შესთავაზა. 1987 წელს კომპანიამ ახალი ენერგეტიკული სასმელი ძველი სახელწოდებით გამოუშვა. მისი შექმნის საფუძველი ტაილანდში შექმნილი „წითელი ხარი“ გახდა. ახალი სასმელის ლოგოტიპზე წითელი ხარების გამოსახულება შენარჩუნდა.
ამ დროისათვის „რედ ბული“ მსოფლიოს 160 ქვეყანაში იყიდება და ენერგეტიკულ სასმელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.