ეკონომიკა

ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარს ტოვებენ

15 მარტი, 2012 •
ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარს ტოვებენ

„ჩეხეთის ავიახაზები“ საქართველოს ავიაბაზარს 2012 წლის პირველი ივნისიდან დატოვებს. ავიაკომპანიის გენერალური სააგენტოს დირექტორი მარიამ აბულაძე „ნეტგაზეთს“ ამ ინფორმაციას უდასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პრაღის სათაო ოფისიდან მიღებული წერილი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„კომპანია რეისებს დღემდე 71– პროცენტიანი დატვირთვით ასრულებს. ეს საკმაოდ კარგი მონაცემია. ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ სათაო ოფისში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „თბილისი–პრაღას“ რეისის ეკონომიკურად გაუმართლებლობის გამო მიიღეს,“– ამბობს აბულაძე.

მისი თქმით, „ჩეხეთის ავიახაზები“, თბილისის გარდა, 2012 წლის პირველი ივნისიდან ფრენას ოსლოშიც წყვეტს. 2011 წელს კომპანიამ რეისები ევროპის 9 ქალაქში გააუქმა.

„2011 წლის ზაფხულამდე „ჩეხეთის ავიახაზები“ აერობუსის ტიპის თვითმფრინავით თბილისი–პრაღის მიმართულებით კვირაში 7 რეისს 80– პროცენტიანი დატვირთვით ასრულებდა. თებერვლიდან კომპანია 3 სიხშირეზე გადავიდა, ხოლო აპრილსა და მაისში 2 სიხშირით იფრენს,“– ამბობს აბულაძე.

ჩეხეთის ავიახაზების გენერალური სააგენტოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ კომპანია გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ მისი აქტივები ვინმემ შესიყიდა, რადგან თბილისი–პრაღის მიმართულება წარმატებული იყო.

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ავიარეისიები შემცირა, ლიტვური „ეარ ბალტიკაა“.

კომპანიის წარმომადგენელი თემურ ბუზალაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ დროისათვის „ეარ ბალტიკა“ თბილისი–რიგას მიმართულებით 4 რეისს ასრულებს.

„2012 წლის 6 მარტს  იყო კიდევ ერთი სხდომა რიგაში. კომპანია სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა. ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც არ არის კარგი. ვერ ვზრდით სიხშირეს. კომპანიის კუთვნილი ბოინგ 737–ით დავფრინავდით 6–ჯერ,  ახლა ჩვენი სიხშირე დავწიეთ იმიტომ, რომ თვითონ ავიაკომპანიას აქვს პრობლემა. მისი მენეჯმენტი მაქსიმალურ ეკონომიას აკეთებს,“– ამბობს თემურ ბუზალაძე.

„ეარ ბალტიკას“ წარმომადგენელი  ბაზრიდან ავიაკომპანიების წასვლას მათ ფინანასურ მდგომარეობას უკავშირებს:

„თვითონ ავიაკომპანიებს ექმნებათ პრობლემები, ითვლიან ბიუჯეტს და იქიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, „ჩეხეთის ავიახაზებმა“ თავისუფალი თვითმფრინავი უფრო მომგებიან მიმართულებაზე გადაისროლეს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა.  იგივე მოხდა ჰოლანდიური KLM–ის შემთხვევაში. კომპანიამ 90– პროცენტიანი დატვირთვის მიუხედავად,  მაინც დატოვა საქართველო. კომპანიები იქ მიდიან, სადაც უფრო დიდი მოგება აქვთ. პრიორიტეტი ენიჭება არა ახალ მიმართულებებს, არამედ სუფთა ეკონომიკურ საკითხებს,“ – ამბობს ბუზალაძე.

პარიზისა და ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შეაჩერა „საქართველოს ავიახაზებმა“(აირზენამ). კომპანიის თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შევებულებაშია. მენეჯმენტში ამ ცვლილებებს ფინანსურ პრობლემებს და ამ რეისებზე შემცირებულ დატვირთვას უკავშირებენ.

გახდა თუ არა კომპანიების მიერ სიხშირეების შემცირება და  ბაზრიდან  წასვლა თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მაღალი ტარიფები? ამ თემაზე ავიაკომპანიების წარმომადგენლები სიფრთხილით საუბრობენ:

„ტავ ჯორჯია“ საკმაოდ მოქნილია, როცა გვჭირდება, ფასდაკლებასაც ვიღებთ. იმის თქმა, რომ, ზოგადად, „ეარბალტიკა“ მაღალი ტარიფების გამო  ვერ ასრულებს ყოველდღიური სიხშირით ფრენას, არ იქნება მართებული. აეროპორტის ტარიფები ხან მაღალია და ხან დაბალი,“ – ამბობს თემურ ბუზალაძე.

საქართველოს ავიაბაზარზე მომხდარ ცვლილებებს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია პასუხობს. მისი მტკიცებით, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები მსხვილ ავიაკომპანიებს დიდ კონკურენციას უწევენ და სწორედ ამიტომ მათ პოზიციების დათმობა უწევთ.

“ჩეხეთის ავიახაზებმა საქართველო ფინანსური პრობლემების გამო დატოვა და არა ქართული მხარის ან მგზავრთნაკადის სიმცირის გამო. “ჩეხეთის ავიახაზებისათვისაც” რთული იყო ზაფხულში საქართველოს ბაზრიდან გასვლა, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც თავად კომპანიის კრიზისს უკავშირდება,“ – განაცხადა ქობალიამ.

რაც შეეხება „საქართველოს ავიახაზების” საკითხს,  ვერა ქობალიას თქმით, კომპანიას ადგილობრივი რეისების განხორციელება (მესტიის მიმართულებით) შესთავაზეს. ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ შეთავაზებას “აირზენას” მენეჯმენტში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი