,,ილიაუნი ბიზნეს რევიუს’’ ახალი კვლევის თანახმად, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის ბრუნვის მიხედვით ყველაზე წარმატებულად „მაგთიკომი“ დასახელდა.
კვლევა 2011 წლის საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს დაეყრდნო.
კვლევის ფოკუსში მოხვედრილ წარმატებულ 50 კომპანიას შორის „მაგთიკომი“ მე–7 ადგილზეა, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის მეორეა ,,ჯეოსელი’’, მესამეზე კი– ,,ბილაინის’’ ბრენდის მფლობელი, შპს ,,მობიტელია’’. 50 კომპანიას შორის ,,ჯეოსელი’’ მე–9, მობიტელი კი 38–ე ადგილზეა.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე კომპანია ,,ჯეოსელი’’ ლიდერობს, მისი წილი ბაზარზე სამომხმარებლო სეგმენტში 44,3%-ს, კორპორაციულ სეგმენტში კი 52,5%–ს შეადგენს. ბაზარზე მეორეა ,,მაგთიკომი’’, კომპანიის წილი სამომხმარებლო ნაწილში 40,3%–ია, კორპორაციულ ნაწილში კი 39,9%. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, 2010 წლის მონაცემებით, ბაზრის 49%, ,,ჯეოსელს’’ კი 43% ეჭირა. ‘’ბილაინის’’ წილი სამომხმარებლო ბაზარზე 15,4%, კორპორაციულ ბაზარზე კი 7,6%–ია.
მთლიანად ინტერნეტის გაყიდვებიდან შემოსავლები 15 მლნ. ლარს უტოლდება, მოცემულ ბაზარზე ‘’მაგთის’’ წილი 59%–ია, ,,ჯეოსელის’’ – 34%, ,,ბილაინის’’– მხოლოდ 7%. მონაცემები მიუთითებს, რომ ინტერნეტის მოხმარება ყველაზე ძვირი ,,მაგთის’’ მომხმარებლებს, ყველაზე იაფი კი ,,ბილაინის’’ მომხმარებლებს უჯდებათ. 2011 წლის თებერვლიდან საქართველოში მოქმედებს პორტირების სისტემაც, სერვისით სულ 105 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი აბონენტი ,,ჯეოსელმა’’ შეიძინა, ყველაზე მეტი კი ‘’მაგთიმ’’ დაკარგა.
გაზრდილია სასაუბრო დროის ხანგრძლივობაც, რაც ტარიფების გაიაფებას უკავშირდება. საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მეოთხე კვარტალში საუბრის დრო 38%–ით გაიზარდა, მათ შორის, ,,ჯეოსელის’’ აბონენტების 63%–ით, მაგთის – 19%–ით და ბილაინის – 22%–ით.
საშუალოდ 1 აბონენტი თვეში 80 წუთამდე საუბრობს, 2010 წლის მონაცემებით, ‘’ჯეოსელის’’ აბონენტი – 88 წუთს, ‘’მაგთის’’ – 71 წუთს, ‘’ბილაინის’’ – 70 წუთს საუბრობს თვეში. ამ დროისათვის საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობა 4 მლნ. ადამიანს აღწევს, დაფარვის კოეფიციენტი 90%–ია. 4 მლნ. ადამიანიდან მობილური ინტერნეტით 800 ათასამდე აბონენტი სარგებლობს. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების 45% ‘’მაგთის’’ აბონენტია, 33% –‘’ჯეოსელის’’, 22%– ,,ბილაინის’’.