პარიზის „შარლ დე გოლის“ აეროპორტის ოპერატორი, ფრანგული კომპანია VINCI SA საბოლოო კანდიდატია, რომლესაც თურქული „ტავ ჰოლდინგის“ 40– პროცენტიანი წილის ყიდვა სურს. ამ ინფორმაციას „როიტერი“ რამდენიმე კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ფრანგული ოპერატორი კომპანის წილის შესყიდვაზე ყველაზე რეალური კანდიდატია. ამ დროისათვის „ტავ ჰოლდინგის“ ფასი 2 მილარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 1,84 მილიარდია.
„ტავ ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია “ტავ ჯორჯია” საქართველოში თბილისისა და და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. “ტავ ჯორჯიაში” უკვე ცვლილებებს ელიან, თუმცა ამაზე ოფიციალურად არ საუბრობენ.
ჯერჯერობით უცნობია, „ტავ ჰოლდინგის“ 40 პროცენტის გასხვისების შემთხვევაში, შემოვლენ თუ არა ფრანგები „ტავ ჯორჯიას“ მენეჯმენტში და, შესაბამისად, თბილისის და ბათუმის აეროპორტების მართვაში.
თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„ტავ და ურბანის“ მიერ თბილისის საერთშორისო აეროპორტის მშენებლობა სკანდალს ვერ ასცდა. აეროპორტის ახალი ტერმინალი აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პირველმა პირებმა 2007 წლის 7 თებერვალს გახსნეს. 18 თებერვალს აეროპორტის სახურავიდან წვიმის შედეგად წყალმა გაჟონა. 24 თებერვალს კი ძლიერმა ქარმა აეროპორტს სახურავი ახადა.
საქართველოში საავიაციო ბაზრის სწრაფ განვითარებას ხელს თურქული კომპანია „ტავ ჯორჯიას” მონოპოლისტური მდგომარეობა უშლის. 2005-2007 წლებში „ტავმა“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენება-რეაბილიტაციის სანაცვლოდ შეღავათები მიიღო. ავიაკომპანიები თბილისის და ბათუმის აეროპორტების მაღალ სატარიფო პოლიტიკას აკრიტიკებენ. „ტავთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისიდან და ბათუმიდან 300 კილომეტრის რადიუსში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების უფლება არავის აქვს. სწორედ ამ მიზეზით მთავრობა იძულებული გახდა, ივლისში კოპიტნარის აეროპორტის სიმბოლური გაყიდვა (1 ლარად) ჩაეშალა, ვინაიდან ყიდვის სურვილი მხოლოდ „ტავ“-მა გამოთქვა.
“ტავ ჯორჯიას” ტარიფების დაწევა მოუწევს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის დაწყებისას განაცხადა: “დღეს ვიწყებთ კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ქუთაისს ნამდვილი საერთაშორისო აეროპორტი უნდა ჰქონდეს. ქუთაისის უნდა ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, საიდანაც ყოველთვის იფრენენ თვითმფრინავები მიუნხენში. ამ აეროპორტიდან შესრულდება რეისები ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-ლონდონი, ქუთაისი-სტამბული, ქუთაისი-შანხაი, უახლოეს წლებში – ქუთაისი-ნიუ-იორკი. ჩვენი მთავარი მიზანია, შემოვიყვანოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. პრობლემა რა არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის? – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს თურქული კომპანიოა “ტავი”, რომელთან ერთადაც ავაშენეთ ახალი აეროპორტი, მაგრამ მისი ტარიფები არ არის მოქნილი. მომსახურება მაღალია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და, შესაბამისად, ბილეთის ფასიც მაღალია. ამიტომ შედარებით უჭირთ შემოსვლა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, თუმცა ესეც დაიწყო, როგორც კი ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციაზე დავიწყეთ საუბარი. როდესაც ქუთაისის აეროპორტი გაიხსნება და ყველა გადმოვა ქუთაისისკენ, თბილისის აეროპორტს ტარიფების დაწევა მოუწევს. ხალხმა უნდა იფრინოს იაფად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, კოპიტნარის აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის, UNSTUDIO-ის მიერაა დაპროექტებული. ამ ეტაპზე კოპიტნარის აეროპორტში მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება ფოთის აეროპორტს, მისი რეაბილიტაცია შპს Rakia Georgia-მ უნდა განახორციელოს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Rakia Georgia რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა და 1 057 046 შეადგინა. შესრულებული რეისების რაოდენობა 9 081-ს გაუტოლდა. ბათუმის აეროპორტში ავიარეისებს Turkish Airlaines, Borajet Airlines, Georgian Airways და Belavia ასრულებენ. 2011 წლის მონაცემებით, ბათუმის ეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 133 306 შეადგინა და 1 446 რეისი შესრულდა.