ეკონომიკა

ინვესტორებს ენერგოსექტორი იზიდავთ

12 მარტი, 2012 • 1093
ინვესტორებს ენერგოსექტორი იზიდავთ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორამციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ, 2011 წლის მეოთხე კვარტლის ( წინასწარი)  მონაცემებით, 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  ეს მაჩვენებელი  58 პროცენტით აღემატება 2010 წლის შესაბამის პერიოდს.

საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი 27 პროცენტით აღემატება მესამე კვარტლის მონაცემებს.  აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მეოთხე კვარტალში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სტატისტიკის თანახამდ, 2011 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 174 მილიონი აშშ დოლარი შედგინა, მეორე კვარტალში – 203 მილიონი აშშ დოლარი, მესამე კვარტალში– 266 მილიონი აშშ დოლარი.

2011 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები, საიდანაც ინვესტიციის სახით 78,7 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. ინვესტიციების 51,6 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის, მესამე ადგილზეა ლუქსემბურგი– 33,4 ლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე აშშ– 32,8 მლნ დოლარით. საინვესტიციო ათეულში მეხუთე ადგილზეა ბელიზი –31 მლნ აშშ დოლარით, ვირჯინიის კუნძულებიდან ქვეყანაში 27 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. იაპონიიდან– 17, 3 მლნ აშშ დოლარი, კვიპროსიდან –13,5 მლნ დოლარი, რუსეთიდან– 13 მლნ აშშ დოლარი, ავსტრიიდან – 9,8 მლნ აშშ დოლარი. დანარჩენი ქვეყნებიდან ინვესტიციის სახით 29,4 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველი სექტორებია: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მესამე ადგილზეა საფინანსო სექტორი, შემდეგ კი დამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება. ინვესტიციების სამიზნე 2011 წლის მეოთხე კვარტალში გახდა სამთომოპოვებითი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და მშენებლობა. 2011 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მიღმა დარჩა ჯანდაცვის სექტორი და სასტუმროებისა და რესტორნების ბიზენსი.

2011 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 79 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი