ეკონომიკა

„ლაგუნა–ვერეს“ 79% გაიყიდა

8 მარტი, 2012 •
„ლაგუნა–ვერეს“  79% გაიყიდა

შპს “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +” ინფორმაციით, იანვარ–თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში 145 გარიგება დაიდო. ბირჟაზე ჯამურმა ბრუნვამ 1 454 099 აქცია შეადგინა. ფარული ბრუნვის მაჩვენებელი 304 871 ლარს გაუტოლდა.

ბირჟაზე აქციების ბრუნვის 99% სს „ლიბერთი ბანკზე“ მოდის. ბანკის აქციების ფასი ბოლო ორ თვეში შემცირდა და 0,014–0,017 ლარს გაუტოლდა. ფულადი ბრუნვის მხრივ ბირჟაზე  სს „საქართველოს ბანკი“ ლიდერობდა. ბრუნვამ 85% შეადგინა, ხოლო ბანკის აქციების ფასი 20 ლარის დიაპაზონშია მოქცეული.

გარესაბირჟო ფიქსინგით, 2012 წლის ორ თვეში 106 გარიგება დაიდო. გასხვისდა საფონდო ბირჟისათვის საკმაოდ დიდი მოცულობის  38 244 547 აქცია, ხოლო თანხობრივი ბრუნვასაქართველოს საფონდო ბირჟის ისტორიაში რეკორდულ ციფრს  გაუტოლდა და 721 380 362 ლარი შედგინა.

საფონდო ბირჟაზე გასულ ორ თვეში საკმაოდ მსხვილ გარიგებად ითვლება სს „გორიგაზის“ 93 პროცენტის გაყიდვა. საფონდო ბირჟაზე გაიყიდა ასევე სს „ქუთაისიგაზის“– 54,953 % და მოხდა სს „რუსთავიგაზის“ –59%-იანი წილის გასხვისება. ამ კომპანიების ერთი აქციის ფასი 1,6699 ლარს გაუტოლდა.

გასულ წელსაც ანალოგიურად მოხდა ამ წილების გასხვისება, თუმცა არც მაშინ და არც ახლა არ არის ცნობილი, რა დგას ამ ფიქსინგის უკან.

ასევე, ანალოგიური ფიქსინგით გასხვისდა სს „ლაგუნა ვერა“–ს 79%.  2007–2010 წლებში  „ლაგუნა ვერას“  აქციის ფასი 43–45 ლარს შორის მერყეობდა. 2012 წლის ფიქსინგით აქციაში 1 ლარი არის გადახდილი. სხვაობა ამ სააქციო გაყიდვასა და ბოლო გაყიდვას შორის 50 მილიონ ლარს შეადგენს. ფასთა სხვაობის მიზეზი უცნობია ფიქსინგის გამჭვირვალეობის წესის არქონის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი