ეკონომიკა

„ქართუ ბანკის“ ზარალი 150 მილიონი ლარია

6 მარტი, 2012 • 1802
„ქართუ ბანკის“ ზარალი 150 მილიონი ლარია

„ქართუ ბანკის“ არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობა იზრდება. ბანკის გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, 2012 წლის 6 მარტის მდგომარეობით, ბანკის ზარალი 150 მილიონ ლარს შეადგენს.

„დღეს საღსრულებლო ბიუროდან კიდევ ერთი შეტყობინება მივიღეთ. ჩვენი კიდევ ერთი მოვალის, კომპანია „ვაზი 2002 “–ის ქონების დაახლოებით 41 ობიექტი აუქციონზე გადის, რის შემდეგაც არაუზრუნველყოფილი სესხების რაოდენობა კიდევ გაიზრდება,“ – ამბობს ჯავახიშვილი.

შპს „ვაზი 2002“  სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 90 პროცენტი სს „ოკამის“ მფლობელობაშია. 5 პროცენტს ჯუაშერ ბაბაევი, ხოლო 5 პროცენტს მანანა საგინაშვილი ფლობს. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიას არც საგადასაახდოს წინაშე და არც კერძო სუბიექტების მიმართ დავალიანება არ აღენიშნება. სს „ოკამი“ 1996 წელს არის რეგისტრირებული. კომპანია ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს და მათ დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანიის 100– პროცენტიან წილს  ლაშა გავაშელი, ვლადიმერ შათირიშვილი და ელგუჯა კანდელაკი ინაწილებენ. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, „ქართუ ბანკის“ კრედიტორი ეს კომპანიაა. სს „ოკამის“ მთლიანი ქონება იპოთეკით არის დატვირთული. კომპანიამ სესხი მანქანა–დანადგარების  შესაძენად აიღო.

საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბანკებმა პირველადი იპოთეკარის ფუნქცია დაკარგეს, საგადასახადო სამსახურის წინაშე არსებული დავალიანების გამო, კომპანიების ქონება აუქციონზე იყიდება, რითაც საგადასახადოს წინაშე არსებული ვალი იფარება.

„ქართუ ბანკში“ მიღებული შეტყობინებით კომპანია „ვაზი 2002“-ის  ქონება აუქციონზე გაიყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი