ეკონომიკა

კონტროლის პალატამ „ქართუდან“ ბონუსების დარიცხვაზე ინფორმაცია გამოითხოვა

6 მარტი, 2012 •
კონტროლის პალატამ „ქართუდან“ ბონუსების დარიცხვაზე ინფორმაცია გამოითხოვა

საქართველოს კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკიდან“ თანამშრომლებისათვის ბონუსების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ შესაბამისი წერილი ბანკის ადმინისტრაციამ გუშინ საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც ბანკის ორმა თანამშრომელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და “იმედის” ეთერში მათ ანგარიშზე თანხების დარიცხვისა და შემდეგში ამ თანხის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის ანგარიშზე გადარიცხვის ვალდებულებაზე ისაუბრა.

„ამ დღეებში ჩემი პირველი მოადგილე წავა კონტროლის პალატაში და ბონუსების ჩარიცხვის შესახებ შესაბამის ინფორმაციას მიიტანს“, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჯავახიშვილმა.

ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის ბონუსების დარიცხვა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით გადაწყდა. მისივე თქმით, ბონუსების სისტემა მთელ მსოფლიოში არსებობს და მათი დარიცხვა წლის შედეგებით ხდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭო იღებს. თუმცა ჯავახიშვილი არ მალავს, რომ მთანამშრომლებისთვის ბონუსების გაცემა „ქართუ ბანკის“ ტრადიციებში არ შედის:

„თანამდებობის პირებისათვის მნიშვნელოვანი თანხის ბონუსის ჩარიცხვა ბანკში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გადაწყდა. ბონუსი იმის მიხედვით განაწილდა, თუ ვის უფრო მეტი სამსახურეობრივი და მორალური დატვირთვა ჰქონდა სამსახურში. ეს არის ერთჯერადი ბონუსი,“ –აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

2012 წლის 8 თებერვალს ბონუსების სახით თანხა „ქართუ ბანკის“ 17 თანამშრომელს დაერიცხა. თავად ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბონუსის სახით 100 000 ლარი მიიღო.  ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ ბონუსიდან 30 000 ლარი პირადი საჭიროებისათვის გახარჯა, ხოლო დარჩენილი თანხა კვლავ მის ანგარიშზე ინახება. ჯავახიშვილი აცხადებს, რომ “ქართუ ბანკის” ადმინისტრაციას არ უთხოვია მიღებული ბონუსებიდან თანხის ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის ანგარიშზე გადარიცხვა:

„ეს ბონუსები თანამშრომლებს 8 თებერვალს ჩერიცხათ. თუ ვინმეს ეს არაადექვატურად ეჩვენა თავისი გაწეული შრომის გამო, ერთი თვე სჭირდებოდა ამის გარკვევას? ამ დროის მანძილზე მიდიოდა მათი დამუშავება და ზეწოლა. ბანკის თანამშრომლები ვერ იტყვიან იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბონუსის გადარიცხვა მე მოვითხოვე,“– ამბობს ჯავახიშვილი.

“ქართუ ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ქურდაძემ გუშინ ნაციონალურ მაუწყებლებთან საუბარში განაცხადა, რომ “ალოგიკურად დიდი თანხა”, კერძოდ, 55 ათასი ლარი ჩაერიცხა ბანკიდან, რომლის ნაწილიც ივანიშვილის მოძრაობაში უნდა გადაერიცხა, ხოლო “ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხუხუნაშვილმა განაცხადა, რომ მის ანგარიშზე 37 ათასი ლარი დაირიცხა, რომლის ნაწილი მასაც ივანიშვილის მოძრაობისთვის უნდა გადაერიცხა. ორივე მათგანმა ამაზე გუშინ უარი თქვა, ჩარიცხული თანხები უკან დააბრუნეს და თანამდებობები დატოვეს.

ამის შემდეგ საქართველოს კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ ინფორმაციას და შედეგებს უახლოეს პერიოდში აცნობებენ საზოგადოებას.

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზეწოლა სხვა თანამშრომლებზეც მოხდეს და ბონუსები ბანკში მათაც დააბრუნონ.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა თანამშრომლებზეც მოხდეს ზეწოლა. 2011 წლის 17 ოქტომბერს მოვედი „ქართუ ბანკში“ და 18 ოქტომბერს მოხდა ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა. იმ საღამოს შევკრიბე მთელი კოლექტივი და ვუთხარი, რომ, სამწუხარიდ, დაიწყო ბრძოლა ბანკის წინააღმდეგ და ჩვენ უბრალოდ მუშაობა არ მოგვიწევს, არამედ მოგვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. თუ ვინმეს არ გსურთ ბანკში დარჩენა, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ,“– ამბობს ჯავახიშვილი.

მისი თქმით, რამაზ ქურდაძეს და ზვიად ხუხუნაშვილს ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 2011 წლის ოქტომბერში შეეძლოთ.

რამაზ ქურდაძე “ქართუ ბანკში” დაარსების დღიდან მუშაობდა. როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ამ უკანასკნელის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობს პროკურორად.

ზვიად ხუხუნაშვილი “ქართუ ბანკში” 2004 წლიდან დღემდე მუშაობდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მისი მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი