ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ” ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია 29 თებერვალს გამართულ აუქციონზე გაყიდა.
აუქციონზე ლიცენზიის საწყისი ღირებულება 110 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო „ბიჯი” – 500 ათას ლარს. აუქციონში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანია „მაინინგ ინვესთმენთსი” მონაწილეობდა, რომელმაც აუქციონზე გამოტანილი 27-წლიანი ლიცენზია 110,5 მლნ ლარად შეიძინა. ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება. დღეისათვის აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია „მადნეული” ფლობს.
კომპანია „მაინინგ ინვესთმენთსი” სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 13 თებერვალს არის რეგისტრირებული. მის 100– პროცენტიან წილს ლიტვის მოქალაქე ალვიდას ბრუსიკასი ფლობს. „მაინინგ ინვესთმენთსი”–ის გენერალური დირექტორის თანამდებობაც ამ პიროვნებას უკავია.
აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, ბოლნისში, მადნეულის საბადოზე არსებული მარაგები ლიცენზიის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში დაითვალოს, ხოლო საყდრისის საბადოზე – 48 თვის განმავლობაში. სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ” ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გასაყიდად მიმდინარე წლის 19 იანვარს გამოიტანა.