ეკონომიკა

ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა მიუწვდომელია

29 თებერვალი, 2012 •
ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა მიუწვდომელია

„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ სადაზღვევო ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა 10 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში 13 სადაზღვევო კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა და ხუთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი შეისწავლა.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 13 სადაზღვევო კომპანია: „ალდაგი ბისი აი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „უნისონი“, „აი სი ჯგუფი“, „იმედი L“, „არდი ჯგუფი“, „ალფა“, „PSP დაზღვევა“, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, „ქართუ“, „ტაო“, „ირაო“, „ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი. “

კვლევამ აჩვენა, რომ  ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი საუკეთესო ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია ,,უნისონის’’ მიერ და მისი ღირებულება 30 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საუკეთესო სადაზღვევო პაკეტს, ყველაზე მაღალ ფასად  შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ის მიერ და მისი ღირებულება 63.26 ლარს შეადგენს.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, : „კერძო დაზღვევაში ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის მოპოვება ძალიან რთულია. 13 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ 4 კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ინდივიდუალურ დაზღვევას.  ადამიანების დაზღვევა ძირითადად ორგანიზაციების გავლით ხდება“.

აბაშიშვილის შეფასებით, სადაზღვევო ბაზარზე  კორპორაციული დაზღვევა უფრო განვითარებულია, ვიდრე ინდივიდუალური. „კორპორაციული დაზღვევის განვითარება ინდივიდულურ სადაზღვევო პაკეტების ხელმისაწვდომობას  უშლის ხელს. კომპანიები, კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, ნაკლებად რისკავენ და უპირატესობას კორპორაციულ დაზღვევას ანიჭებენ. ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის ფასები საშუალოა, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია არსებობს“– ამბობს აბაშიშვილი.

„ილიაუნი ბიზნესრევიუს“ კვლევის თანახმად, ქონების დაზღვევის პაკეტი საუკეთესო ფასად ბაზარზე სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფმა“ გამოტანა.  პაკეტის ღირებულებამ ქონების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე შეადგინა. მომდევნო ადგილი დაიკავა სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-მა, რომლის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება ქონების საერთო ღირებულების 0.38 პროცენტს შეადგენს, მესამე ადგილი, 0.5– პროცენტიანი შეთავაზებით, სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ ერგო. ქონების დაზღვევის ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ და ქონების საერთო ღირებულების 0.95 პროცენტს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ავტომობილების დაზღვევის პაკეტი საუკეთესო ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ტაო“-ს მიერ და მისი ღირებულება ავტომობილის საერთო ღირებულების 4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტი, რომლის ღირებულებაც 4.2 პროცენტს შეადგენს, მესამე ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია „ირაო“ 4.5– პროცენტიანი შეთავაზებით. ავტომობილების დაზღვევის საუკეთესო პაკეტი ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მიერ და მისი ღირებულება დასაზღვევი ავტომობილის საერთო ღირებულების 5 პროცენნტიდან 9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სამოგზაურო დაზღვევის საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი საუკეთესო ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „PSP დაზღვევის“ მიერ და მისი ღირებულება ერთი დღის განმავლობაში 0.75-0.85 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით მეორე ადგილზე გავიდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“, რომლის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება ერთ დღეზე 1.10 ლარს შეადგენს. მომდევნო ადგილი დაიკავა სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-მა, რომლის შემოთავაზებამ ერთ დღეზე 1.2 ლარი შეადგინა. სამოგაზაურო დაზღვევის საუკეთესო პაკეტი ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ და მისი ღირებულება დღეში 1.5 ლარს შეადგენს.

კვლევის თანახმად, აგროდაზღვევის საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ და მისი ღირებულება დასაზღვევი ქონების ღირებულების 6 პროცენტს შეადგენს. შემდგომ ადგილზეა სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის შემოთავაზება 7 პროცენტად, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ 8– პროცენტიანი შემოთავაზებით. კვლევის მიხედვით, საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი ყველაზე მაღალ ფასად შემოთავაზებული აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს და მისი ღრებულება დასაზღვევი ქონების საერთო ღირებულების 8 პროცენტიდან 10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

„ილიაუნი ბიზნესრევიუს “  მკვლევარის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით,  „აგროდაზღვევა მნიშვნელოვანია, რადგან  სოფლის  მეურნეობის განვითარება აგროდაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია“. მკვლევარის შეფასებით სოფლის მეურნეობისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტები საკმაოდ ძვირია. მისი ფასი იწყება 6 პროცენტიდან  და 10 პროცენტამდე ადის. თუ ამ სფეროში კონკურენცია არ გამძაფრდა და ფასმა არ დაიწია,  აგროდაზღვევას განვითრების  კუთხით პერსპექტივა არ აქვს“.

გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საქართველოში  დაზღვეულთა რაოდენობის მაჩვენებელი დაბალია, რადგან  ქვეყანაში თვითდასაქმების წილი ბევრად აღემატება დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელს.


მასალების გადაბეჭდვის წესი