ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილი: „ქართველებისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა ფუფუნებაა“

29 თებერვალი, 2012 •
მიხეილ სააკაშვილი: „ქართველებისთვის მაღალი დონის  ჯანდაცვა ფუფუნებაა“

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას ქვეყანაში სადაზღვევო სისტემის განვითრების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.

სააკაშვილმა აღიარა, რომ  ბევრი ქართველისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება, რასაც მისი საფულე ვერ გაწვდება.

სააკაშვილის შეფასებით, ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა – ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, 2006 წლამდე საქართველოში სამედიცინო დაზღვევა  40 000-ზე ნაკლებ ადამიანს ჰქონდა. ამ პერიოდთან შედარებით, 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ, 2012 წელს კი 60-ჯერ გაიზრდება.

სააკაშვილის თქმით, 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე, ანუ თითქმის ორმილიონნახევარი ადამიანი;

სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.

სააკაშვილის თქმით,  სადაზღვევო კომპანიები პენსიონერებს არ აზღვევენ, რადგან ამასთან დააკვშირებულ ფინანასურ რისკებს თავს არიდებენ.

„მკურნალობის მთელი ტვირთი მოდის მათი ოჯახის წევრებზე, რაც, თუ გავითვალისწინებთ გაზრდილ ფასებსა და უმუშევრობას, ხშირად ტრაგიკულ რეალობასთანაა დაკავშირებული. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ხელებჩამოშვებული უყურებს, თუ როგორ ართმევს ავადმყოფობა მას მშობელს, ბებიასა თუ ბაბუას და უსახსრობის გამო ვერაფრით ეხმარება მას. არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებიც, როდესაც მომვლელი და მეურვე საერთოდ არ არსებობს პენსიონერისათვის და იგი ღვთის ანაბარაა მიტოვებული საკუთარ ავადმყოფობასთან“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დაპირებულ 100– დოლარიან საპენსიო პაკეტში შეტანილია ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება.

მისი თქმით, თუ ადრე პენსიონერი მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდული სერვისებით სარგებლობდა – მაგალითად, ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში პროგრამა 500 ლარზე მეტს არ უთვლიდა – სადაზღვევო პაკეტით, დაზღვევის ლიმიტი მას 12 ათას ლარამდე გაეზრდება.

ასევე, თუ სჭირდებოდა გეგმიური ოპერაციები, მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ან კატარაქტის ოპერაცია, რაც ძალიან ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში, ეს არასდროს არ იფარებოდა. 2012 წელს  მოხუცებს პირველად ექნებათ საშუალება, დაზღვევის ხარჯზე დაიფაროს არა მარტო ეს, არამედ სხვა გეგმიური ოპერაციებიც.

პრეზიდენტის განცხადებით, პენსიონერთა ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო წამლები – განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის. „თუ დღემდე მხოლოდ 50 ლარის  ნახევარს იხდიდა სადაზღვევო გეგმა, სექტემბრიდან ეს ლიმიტი გაიზრდება 4-ჯერ და 200 ლარი გახდება, ასევე 100 ლარის ღირებულების მედიკამენტი ანაზღაურდება სადაზღვევო ვაუჩერით“ –განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი